სააკაშვილმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის მიერ აპრილში მიღებულ ორ კანონპროექტს ვეტო დაადო, რომელთაგანაც ერთი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც სადავო ნორმატიული აქტის შეჩერების ვადებს ზღუდავს, ხოლო მეორე სახელმწიფო უნივერსიტეტების იურიდიული სტატუსის შესაძლო შეცვლას.
პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ვადების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტი 19 აპრილს მიიღო.
ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეაჩეროს სადავო აქტი იმ მოტივით, რომ მისმა მოქმედებამ გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს ერთ-ერთ მხარეს, მაშინ ის ვალდებული ხდება ამ საქმეზე შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება 30 დღეში მიიღოს. თუმცა ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლოა 15 დღით გახანგრძლივდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ძალას დაკარგავს.
ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა 19 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ მართალია ვადების შეზღუდვა თავისთავად მიუღებელი არ არის, 30–დღიანი ვადის დაწესება მოკლე პერიოდია შესაფერისი განხილვისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ვადა „გონივრული“ უნდა იყოს.
ზოგიერთმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან მიანიშნა, რომ ინიციატივის მიღების ერთ–ერთი მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის განხორციელების შესაძლო გაჭიანურების პრევენცია იყო. პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ კანონპროექტსაც დაადო ვეტო, თუმცა იგი პარლამენტმა დაძლია და ის ძალაში სავარაუდოდ მომავალ კვირას შევა. ქართული ოცნება ვარაუდობს, რომ ნაციონალური მოძრაობა კანონპროექტს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, რათა მისი ძალაში შესვლა გააჭიანუროს.
კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნის უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს. ოპონენტები აცხადებენ, რომ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შეეხება და მათი ავტონომიის შეზღუდვას გამოიწვევს.
მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს, განათლების მინისტრმა და ვიცე–პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 7 მაისს, რომ კანონპროექტი იმ სამართლებრივი აბსურდის გადალახვას ისახავს მიზნად, რომელშიც ამჟამად სახელმწიფო უნივერსიტეტები იმყოფებიან.
„სახელმწიფო უმაღლესები სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ასეთი აბსურდის უფრო ცივილიზებულ, ევროპულ ჭრილში გადასაყვანად ვახორციელებთ ამ ცვლილებებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ეს მეხუთე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო.
პირველი ამნისტიის აქტს ეხებოდა და ის პარლამენტმა დაძლია; მეორე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას; მესამე ეხებოდა ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელთან დაკავშირებითაც ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა არ დაეძლია პრეზიდენტის ვეტო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)