ჰამარბერგი ილია მეორეს ჩარევისა და ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა საკანონმდებლო და საკონსტიტუციო რეფორმების და ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამარბერგმა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს მიმართა თხოვნით, რომ გამოიყენოს საკუთარი გავლენა თბილისის ქუჩებში მართლწესრიგის მიმართ პატივისცემის აღდგენის მიზნით მას შემდეგ, რაც ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ჩაშლის შემდეგ ძალადობას ჰქონდა ადგილი.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ დღევანდელი დემონსტრაცია თბილისში ძალიან ტრაგიკულად დასრულდა ძალადობით, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ქუჩებში კვლავ არის არეულობები და შემდგომი ძალადობის რისკი“, – განაცხადა ჰამარბერგმა.
„ამ კრიტიკულ სიტუაციაში, მე მჯერა, რომ სასწრაფო საჯარო განცხადება თქვენი უწმინდესობის მიერ, რომელშიც სთხოვთ დემონსტრანტებს, რომ დაიშალონ და სახლებში დაბრუნდნენ, გადამწყვეტ წვლილს შეიტანს მართლწესრიგის აღდგენის საქმეში“, – დასძინა მან.
- სახალხო დამცველის განცხადება 17 მაისის მოვლენებზე
- ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ჩაშლის შემდეგ ძალადობა გრძელდება
- მართლმადიდებელმა აქტივისტებმა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია ჩაშალეს
- ჰომოფობიის წინააღმდეგ დეგეგმილ აქციას მართლმადიდებელი აქტივისტები ეწინააღმდეგებიან
- პატრიარქი სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქციის გაუქმებისკენ მოუწოდებს
- პრემიერ-მინისტრი ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე კომენტარს აკეთებს
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა 17 მაისის მოვლენების კომენტირებისას: „კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უაღრესად მნიშვნელოვან საკითხად მივიჩნევთ. ეს სწორედ ის არის, რაც ქალბატონმა ეშტონმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებულ დღევანდელ განცხადებაში აღნიშნა“.
„ბუნებრივია, ჩემთვის ძალზე სამწუხაროა, რომ დღეს გამოხატვის თავისუფლება ძალადობრივად იქნა აღკვეთილი მეორე მხარეს მყოფი დემონსტრანტების მიერ. იმ ადამიანებს, რომლებმაც ქუჩები გადაკეტეს ალბათ არ ესმით, რომ მათგან არავინ ითხოვს, მოსწონდეთ ან იზიარებდნენ ამა თუ იმ სახის ქცევას. თუმცა, ცივილიზაციის დღევანდელი სტანდარტით ნორმალურია ის, რომ ადამიანმა შეძლოს ხელშეშლის გარეშე გამოხატოს თავისი თავი ისეთად, როგორიც არის“, – განაცხადა ელჩმა დიმიტროვმა.
„ძალადობა და სისასტიკე მათ მიმართ, ვინც განსხვავებულად გრძნობს თავს, არ არის ნორმალური. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას სწორედ ეს სტანდარტები და "ნორმალურის“ ასეთი გაგება. სირცხვილი იქნება, თუკი შეუძლებელი გახდება ამ ვალდებულებების დაცვა“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)