ივანიშვილი პირობას დებს, რომ 17 მაისის ძალადობაში დამნაშავეები დაისჯებიან
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პასუხს აგებს ყველა ის პირი, „ვინც მოუწოდებდა ძალადობისკენ და ძალადობდა“ 17 მაისს განვითარებული მოვლენების დროს, როცა სამღვდელოების წარმომადგენელთა ლიდერობით ხალხმრავალი აქცია დაუპირისპირდა ლგბტ პირებისა და მათი უფლებების დამცველ მცირე ჯგუფს, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნას გეგმავდნენ თბილისის ცენტრში.
მან ასევე განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ეს პროცესები „გარედან იმართებოდა“ გარკვეული ძალების მიერ, რომლებიც პრემიერს არ დაუკონკრეტებია.
„ის, რაც მოხდა 17 მაისს, რა თქმა უნდა, იყო სირცხვილი“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს 21 მაისს ექსპერტთა კლუბში გამართული შეხვედრის შემდეგ.
„ეს არ იყო არც ქართული ხასიათი, ეს არ იყო არც ქრისტიანული. ძალადობას არც ქრისტიანობა ღაღადებს, მითუმეტეს მართლმადიდებლური, თუმცა არც სხვა ქრისტიანობა… ის რაც მოხდა დასაგმობია. მე ვფიქრობ, რომ რეაქცია და პოზიცია პოლიციის იყო ძალიან ადეკვატური; იმ სიტუაციაში გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. და პირველი შემთხვევაა, რომ უმცირესობები დაიცვეს და გაარიდეს მაინც და არ მოხდა მათი დარბევა“, – განაცხადა მან.
„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ჩემს მკვეთრ პოზიციას – ეკლესიის მსახურება არ იქნება ალიბი არავისთვის და ვინც დააშავა და გადააჭარბა კანონს, ვინც მოუწოდებდა ძალადობისკენ და ძალადობდა, ყველანი დაისჯებიან“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„ახლა ჯობია მოხდეს იდენტობა დამრღვევების და ყველას ნაწილ-ნაწილ ვაგებინოთ პასუხი, ვიდრე იმ აჟიტირებულ მასას შევბრძოლებოდით“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და მართალია „მყისიერი შედეგი“ ჯერ არ არის, მაგრამ ჯერ იმისთვის საკმარისი დრო არ არის გასული, რომ „საზოგადოების შფოთვა გამოიწვიოს“.
„კანონის დარღვევის ფაქტზე ყველამ უნდა აგოს პასუხი ეს იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ იქნება სასულიერო პირი. კანონის წინაშე ყველანი ჩვენ თანასწორნი ვართ და მე ვფიქრობ, ის კითხვები, რაც არსებობს ევროპის თუ ამერიკის მხრიდან, პასუხი გაეცემა კანონდამცავი სტრუქტურების სწორი ქმედებით“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აქვე განაცხადა, რომ მისი აზრით, „საქართველო და ქართული საზოგადოება ექსტრემისტულად განწყობილი“ არ არის.
„საფუძვლიანი ეჭვი აქვს, ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ეს გარედან იმართებოდა, იყვნენ ძალები, ვინც ამას ახალისებდნენ და აფინანსებდნენ. ამის ეჭვი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს, რასაც მე ვიზიარებ. ის რაც მოხდა 17-ში, ეს არ მომხდარა ბუნებრივად“, – განაცხადა ივანიშვილმა.
როცა მას ჰკითხეს ეჭვობს თუ არა რომ ამის უკან რომელიმე პოლიტიკური ძალა დგას, მან დაკონკრეტების გარეშე გაიმეორა, რომ იზიარებს შს მინისტრის ეჭვებს.
კითხვაზე ხომ არ ფიქრობს ის, რომ 17 მაისს განვითარებული მოვლენები მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული იმ პოზიციის საპასუხოდ, რომელიც პრემიერმა სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად დააფიქსირა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამდაგვარად ფორმულირება, რომ საპატრიარქო დაუპირისპირდა ხელისუფლებას ან პირიქით, არასწორია.
„ეკლესია დამოუკიდებელია და დამოუკიდებლობა უნდა გავაღრმავოთ სახელმწიფოსგან. თუ რომელიმე ეკლესიის მსახურმა დაარღვია კანონი, ის ისევე აგებს კანონის წინაშე პასუხს, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ეს კითხვები იმის გამო დგას, რომ „ტელეეკრანებიდან ვნახეთ ჩვენ, რომ რამდენიმე მსახური აქტიურობდა ამ პროცესებში. ეს უნდა გამოძიებამ დაადგინოს“.
„არცერთ შემთხვევაში ჩვენ საპატრიარქო არ გვიპირისპირდება და არ შეიძლება, რომ სახელმწიფო დაუპირისპირდეს ეკლესიას, ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი განცხადებებისგან“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი სამშაბათს გამართული პრესკონფერენციის ფარგლებში 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით.
„ტაბულას“ შეკითხვაზე „იყო თუ არა ეს სახელმწიფოს უუნარობის“ გამოვლინება და დგას თუ არა ქვეყანა „თეოკრატიის საფრთხის წინაშე“, სააკაშვილმა პასუხის გაცემა იმაზე საუბრით დაიწყო, რომ ამ საკითხს რიგი ასპექტები აქვს და შემდეგ განაცხადა: „თვითონ ის ჯგუფი, პატარა ჯგუფი, რომელიც იქ მართავდა რაღაც აქციას, თავისთავად ყველას აქვს უფლება აქციის გამართვის, ახლა რამდენად გამართლებული იყო აქციის გამართვა იქ, სადაც მიდიოდა ცერემონია, მახლობლად, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, რამდენადაც ვიცი… ხო წინა დღეს, ნუ ეს ცალკე საკითხი იყო და ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე ამას არ ვეხები“.
მისი თქმით, ძალადობაში ჩართული ადამიანებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ იყო მათი სამიზნე.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ საკითხი დგას იმასთან დაკავშირებით, თუ რა „კლიმატია“ ქვეყანაში და იმედი გამოთქვა, რომ „ჩვენი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ზოგადად შექმნიან კლიმატს, როცა ასეთი რაღაცა არის დაუშვებელი“.
პრეზიდენტის თქმით, დამნაშავეები რომ უნდა დაისაჯონ, „საერთოდ ეს ეჭვს არ იწვევს“.
„მე ვფიქრობ ძალადობას არ აქვს რელიგიური განზომილება. საქართველოში არასოდეს არ იქნება ფუნდამენტალიზმის ფართო პრობლემა; იქნება ყოველთვის პრობლემა, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობენ, თუ კანონის უზენაესობას ხალხი არ იცავს“, – განაცხადა მან, „არცერთი ინსტიტუტი, მათ შორის არც მართლმადიდებელი ეკლესია, არ არის ძალადობაში დაინტერესებული, მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)