სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის და კახეთის ამჟამინდელი გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ, რომლებიც 21 მაისს დააკავეს და რომელთა მიმართაც პროკურატურა წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მერაბიშვილს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდთან დაკავშირებით წაუყენეს ბრალი – ერთი ეხება 5.3 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო თანხების შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებას ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში.

ამ საქმეზე ედება ბრალი ასევე ჭიაბერაშვილს, რომელიც 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრი იყო, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე.

მერაბიშვილს ასევე აქვს წაყენებული ბრალი სახელმწიფო სახსრების მითვისება-გაფლანგვისთვის ცალკე საქმეზე, რომელიც ეხება კვარიათში ფეშენებელური აგარაკის „მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით“ დაკავებას და საიდუმლო სახელმწიფო ხარჯებიდან მისი რემონტისთვის 158 ათასი ლარის დახარჯვას 2009 წელს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს.

მერაბიშვილიც და ჭიაბერაშვილიც უარყოფენ წაყენებულ ბრალდებებს, მათი ადვოკატების განცხადებით, როგორც „აბსურდს“ და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ნაწილს. იმავდროულად, თბილისში მათმა დამცველმა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა, რომ დაკავება პროცედურული დარღვევებით განხორციელდა.

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ხელბორკილებით მიიყვანეს სასამართლოს დარბაზში რომელიც სავსე იყო  მათი მხარდამჭერებითა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებით, რომლებიც თანაგუნდელებს ტაშით შეეგებნენ. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ორივე ბრალდებულს თავი მხნედ ეჭირა, ერთმანეთში საუბრობდა და იღიმოდა. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები დაკავებულებს თავდებში უდგებიან, რათა მათი გათავისუფლება მოხდეს. ჭიაბერაშვილის გათავისუფლებისკენ, რომელიც ევროპის საბჭოსა და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი იყო, ასევე მოუწოდებს ყოფილი და მოქმედი დიპლომატების ჯგუფი.

პროკურატურა როგორც მერაბიშვილის, ისე ჭიაბერაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ ორივე ბრალდებულს ეკავა და ჭიაბერაშვილის შემთხვევაში, მას კვლავაც უჭირავს მაღალი თანამდებობა და შეუძლიათ გავლენის მოხდენა ამჟამინდელ და ყოფილ ხელქვეითებზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიებას. გამოძიება სახელმწიფო სახსრების შესაძლო პარტიული მიზნებით გამოყენების თაობაზე რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ამ საქმეზე პირველად თებერვალში დაკითხეს მოწმის სახით. მათი დაკავება 21 მაისს მეორე დაკითხვის დროს მოხდა.

ბრალდების მხარემ ასევე განაცხადა, რომ მათი პატიმრობაში დატოვების საჭიროება განპირობებულია ასევე იმითაც, რომ თავისუფლების პირობებში ვერ მოახერხონ ქვეყნის დატოვება. ამ არგუმენტის გასამყარებლად პროკურატურამ განუცხადა სასამართლოს, რომ მერაბიშვილის მეუღლემ თაკო სალაყაიამ ქვეყანა 21 მაისს დატოვა; თუმცა ყოფილმა პრემიერმა განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ მისი მეუღლე საქართველოში ამჟამად ბრუნდებოდა.

მოსმენა კვლავ გრძელდება და სასამართლო ამჟამად გასულია გადაწყვეტილების მისაღებად, თუ რა ტიპის აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს დაკავებულთა მიმართ.

იმადვროულად, სასამართლოს შენობის გარეთ, აქციას დილიდან მართავენ ადამიანები, რომლებიც მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვენ და სკანდირებენ „სამართალი, სამართალი“. მომიტინგეები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ ადგილზე მისულ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს და მათ მომხრეებს. პოლიცია ადგილზე იმყოფება, რათა არ დაუშვას ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის დაპირისპირება.  ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ქუთაისის სასამართლოსთან შეკრებილები ის აგრესიული და ექსტრემისტული ჯგუფები არიან, რომლებიც მათ 8 თებერვალს თბილისში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და რომლებიც მთავრობის მიერ არიან მართულნი.

სასამართლო პროცესის პარალელურად ოთხშაბათს საღამოს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „სასამართლოზე მიმდინარეობს ინტენსიური ზეწოლა ძალადობრივი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ელემენტების მხრიდან“.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილთან და მთელ მის გუნდთან ერთად, არის „ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი“  წარმატებულად განხორციელებული სახელმწიფოებრიობის იდეის, რომელსაც დღეს "გასამართლებით ემუქრებიან".

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)