პატრიარქი სინანულს გამოთქვამს 17 მაისს სასულიერო პირების ‘უზრდელი’ ქცევის გამო
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა ოთხშაბათს, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი 17 მაისს თბილისის ცენტრში ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს „უზრდელად“ იქცეოდა.
„რაც მოხდა 17 მაისს, ეს სამწუხაროა და ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რომლებიც იქ უნდათ დანერგონ საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში.
„მაგრამ ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა და მე მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისაკენ. არ შეიძლება შეურაცხყოფა მივაყენოთ სხვას… ბოროტებას კურნავს მხოლოდ სიყვარული და სიკეთე“, – დასძინა მან.
მოგვიანებით 22 მაისს საქართველოს საპატრიარქომ ასევე გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება, სადაც მან „გულისტკივილი“ გამოთქვა 17 მაისს განვითარებული მოვლენების გამო და განაცხადა, რომ ეკლესია შესაბამის ზომებს მიიღებს იმ სასულიერო პირების მიმართ, რომელთაც ძალადობაში მიიღეს მონაწილეობა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის ცენტრში ლგბტ აქტივისტების აქციის გამართვას პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა.
„ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანული, და სხვა მუსლიმური და იუდეური ტრადიციული სარწმუნოების მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალობის პროპაგანდად აღიქმება, რაც მათ სამართლიან პროტექტს იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, დაგეგმილი აქციის ადგილი, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ რუსთაველის გამზირზე, რომელიც „ჩვენს ისტორიულ მეხსიერებასთან და ტრადიციებთან ძლიერ ემოციურ კავშირშია, დამატებით გამაღიზიანებელ, მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცა“.
„ქვეყანა ვერ შეეგუება ცოდვის ლეგალიზებას. ეკლესიას ადამიანი უყვარს, მაგრამ ისევ ადამიანის სიყვარულიდან გამომდინარე ებრძვის ცოდვას მისი სულის გადასარჩენად. მიუხედავად ამისა, ძალადობას გამართლება არ აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ ცალსახად ვემიჯნებით მომიტინგეთა ნაწილის აგრესიულ ქმედებებს, რომელიც არც სამართლებრივ და არც სარწმუნოებრივი ქცევის ნორმებში არ ჯდება", – აცხადებს საპატრიარქო.
„სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. ამ ერთეულმა ადამიანებმა მთელს ეკლესიას მიაყენეს ზიანი. საპატრიარქო შეისწავლის მათ ქმედებებს და ჩვენის მხრიდანაც მივიღებთ სათანადო ზომებს“.
„უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ რომ არა სასულიერო პირების უდიდესი ნაწილის ძალისხმევა და პოლიციის თანამშრომელთა თავდადებული ქმედება, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)