ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა

კახეთის გუბერნატორი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი 23 მაისს გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმროდან გაათავისუფლეს.

ჭიაბერაშვილი 21 მაისს ყოფილ პრემიერ–მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ერთად დააკავეს და ბრალად წაუყენეს თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვა და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა ჯანდაცვის მინისტრობის დროს.

„საქმე არის მთლიანად აბსურუდული“, – განუცხადა ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს გათავისუფლების შემდეგ, „მიმდინარეობს აშკარა პოლიტიკური დევნა და უკავშირდება ჩვენ პოლიტიკურ საქმიანობას… ის [ბრალდება] არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა, ჭიაბერაშვილს კი 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა 21 მაისს.. ბრალდების მხარე ორივესთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.

„ჩვენ არაერთხელ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ ღია, საჯარო პოლიტიკურ მოღვაწეობას და არსად მიმალვას და დამალვას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ჭიაბერავშილმა და დასძინა, რომ 21 მაისს პროკურატურაში დაბარებისას, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა, უწყებაში არ ეწერა, რომ მოწმის სახით იყო დაბარებული, თუმცა მითითებული იყო ადვოკატის ყოლის უფლება, განსხვავებით იმ უწყებისგან, რომელიც მან თებერვალში პირველი დაკითხვის დროს მიიღო, სადაც მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ მოწმის სტატუსით ხდებოდა მისი საგამოძიებო ორგანოებში დაბარება. ამან, მისი თქმით, გაუჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ „აუცილებლად დამაკავებდნენ“ და ამიტომ საჭირო პირადი ნივთებით გამოცხადდა დაკითხვაზე.

ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მისი დაკავება პროცედურული დარღვევებით მოხდა. ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც საქართველოს ელჩად მსახურობდა ევროპის საბჭოსა და შვეიცარიაში, დიპლომატიური რანგი აქვს და ამის გამო, როგორც თავად და მისი ადვოკატები აცხადებენ, მხოლოდ იუსტიციის მინისტრს ჰქონდა მისი დაკავების უფლებამოსილება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)