ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ჟოაო სუარეშმა განაცხადა ხუთშაბათს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ იგი 22 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ესაუბრა ტელეფონით და უთხრა მას, რომ „თქვენი პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება და პირიქით, ახალ პრობლემებს შექმნის“.
სუარეშმა, რომელიც საქართველოს თვის დასაწყისში სტუმრობდა, განაცხადა, რომ იგი თვალყურს ადევნებს ამ საქმეს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა „მოელის, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად შეასრულებს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და ასევე სამართლიან, დამოუკიდებელ და გამჭირვალე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური მოტივაციისგან“.
„საქართველომ შარშან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როდესაც პირველად რეგიონში ხელისუფლება მშვიდობიანად გადაეცა ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორეს, ჯანსაღი და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრესს საფრთხე არ შეექმნას. სასამართლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მიერ გაცხადებულ ერთგულებას დემოკრატიის და ევროპული ღირებულებების მიმართ და არ წარმოშვას წუხილები სახელმწიფო ინსტიტუტების პარტიული მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების თაობაზე“, – განაცხადა მან.
განცხადებაში სუარეშმა ასევე აღნიშნა მერაბიშვილთან დაკავშირებით, რომ იგი „შიდა პრაიმერში მონაწილეობს, რათა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გახდეს“ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. როდესაც მერაბიშვილს 9 მაისს ჰკითხეს აპირებს თუ არა პრაიმერში მონაწილეობას, მან პასუხს თავი აარიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)