რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა მერაბიშვილის დაკავებაზე შეშფოთება გამოთქვა

რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავების გამო. 

მერაბიშვილი 21 მაისს დააკავეს და უფლებამოსილების გადამეტებისთვის, სახელმწიფო თანხების არამიზნობრივი გამოყენებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის წაუყენეს ბრალი. მერაბიშვილთან ერთად  ბრალი წაუყენეს ასევე ჯანდაცვის ყოფილ  მინისტრს და ამჟამად კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს, თუმცა იგი გირაოთი გაათავისუფლეს.

რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ცოტა ხნის წინ აშშ-ში  ვიზიტის დროს შეხვდა, აღნიშნა 24 მაისს თავის განცხადებაში, რომ ის „უაღრესად შეშფოთებულია“ მერაბიშვილის „როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული“ დაკავების გამო.

„წინასწარი დაკავების ზომის გამოყენება მერაბიშვილი შემთხვევაში არ არის საჭირო“, – განაცხადა სენატორმა რუბიომ და დასძინა, რომ ხელისუფლების ძალისხმევა, რომ მისი გასამართლება საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების შედეგად მოხდეს და არა სასამართლო სისტემის საშუალებით, გარკვეულ კითხვებს აღძრავს მისი დაკავების მოტივების შესახებ. „საქართველოს ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ არ გამოიყენოს ასეთი ტაქტიკა და სხვა ძალისხმევა ოპოზიციის დასაშინებლად“, – განაცხადა სენატორმა.

მან ასევე მოუწოდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას, რომ „მკაფიო განცხადება გააკეთოს საქართველოში კანონის უზენაესობის და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მხარდასაჭერად“.

ერთობლივ განცხადებაში დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს რიშმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება „შეშფოთების მიზეზს“ წარმოადგენს.

სენატორები შაჰინი და რიში იმ ხუთ სენატორს შორის იყვნენ, რომელთაც დეკემბრის დასაწყისში პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს წერილით მიმართეს და მოუწოდეს მას, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა „თავიდან აიცილოს იმის აღქმაც კი, რომ წინა მთავრობის წევრების წინააღმდეგ შერჩევითი სამართალი გამოიყენება“.

„როგორც ქართველი ხალხის ორი ყველაზე გულწრფელი მეგობარი სენატიდან, ჩვენ აშშ–საქართველოს ურთიერთობის ერთგულნი ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ საქართველოს დანიშნულების ადგილი დასავლეთშია“, – განაცხადეს სენატორებმა შაჰინმა და რიშმა 24 მაისის განცხადებაში, „ამ თვალსაზრისთ, 2012 წლის დეკემბერში ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ახალ მთავრობას, რომ თავიდან აეცილებინა იმის აღქმაც კი, რომ წინა მთავრობის წევრების წინააღმდეგ შერჩევითი სამართალი გამოიყენებოდა“. 

 „სამწუხაროდ, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებამ, ასევე ოპოზიციური პარტიის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაუბალანსებელმა რაოდენობამ კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი წუხილი, რაც ჩვენი შეშფოთების წყაროს წარმოადგენს. იმის შესაძლებლობამ, რომ ეს დაკავებები განიხილება როგორც პოლიტიკური შურისძიება ან პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვისაა გამიზნული, შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოში დემოკრატიის მომავალს; ჩვენ ყურადღებით გავაკონტროლებთ ამ საქმეებს მათი მსვლელობის დროს“.

„ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანობის პროცესში, ნებისმიერი დაკავებები, დაპატიმრებები ან გამოძიებები სამართლიანი, გამჭირვალე და სრულიად ობიექტური იქნება და ველით, რომ მთავრობა შეასრულებს პრემიერ–მინისტრის ვალდებულებას, რომ „მიმდინარე სასამართლო პროცესები თავისუფალი იყოს პოლიტიკური ზეგავლენისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

რესპუბლიკელმა სენატორმა მარკ კერკმა დაწერა თავის Twitter–ზე 24 მაისს: „უკიდურესად შეშფოთებული ვარ ქართული ოპოზიციის დაშინების გამო“. მან ასევე დაწერა, რომ პრეზიდენტმა ობამამ „უნდა დაგმოს და მოუწოდოს ახალ მთავრობას, რომ დაიცვას კანონის უზენაესობა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)