PACE–ს თანამომხსენებლები მერაბიშვილის დაპატიმრების შესახებ

საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ სამართალწარმოება ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის და  ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ გამჭირვალედ და ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის სრული დაცვით წარიმართოს.

ორმა თანამომხსენებელმა, მაიკლ იენსენმა დანიიდან და ბორის ჩილევიჩმა ლატვიიდან განაცხადეს 27 მაისს: „მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში თავიდან იქნას აცილებული მიკერძოების ნებისმიერ აღქმა ან პოლიტიკური მოტივაცია“.

იმავე განცხადებაში თანამომხსენებლებმა „მკაცრად დაგმეს“ თბილისში 17 მაისს მომხდარი ჰომოფობიური ძალადობა

„ამგვარ ძალადობას და აშკარა შეუწყნარებლობას არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. განსაკუთრებით ვწუხვართ, რომ ამ ძალადობაში სასულიერო პირებმა მიიღეს მონაწილეობა იმ მაღალი ავტორიტეტის ფონზე, რომლითაც საქართველოს  მართლმადიდებლური ეკლესია ქართულ საზოგადოებაში სარგებლობს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დასჯის ამ მიუღებელი ძალადობის ყველა დამნაშავეს კანონის სრული შესაბამისობით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ასევე მიესალმება ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, 17 მაისის ძალადობაში დამნაშავე პირები დაუსჯელები არ დარჩებიან, მიუხედავად იმისა წარმოადგენენ თუ არა ისინი სამღვდელოებას. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან–კლოდ მინიონი 28–29 მაისს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის დროს იგი პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, ვიცე–პრემიერს და განათლების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატია, და ასევე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს შეხვდება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)