ლიტველი ბიზნესმენი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე გაათავისუფლა
ლიტველი ბიზნესმენი და საქართველოში ბალტიისპირეთის ქვეყნების სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი საულიუს ვაიტკეავიჩიუსი, რომელიც 29 მაისს სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით თბილისის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყანას ტოვებდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარასკევს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბრალდების მხარე ლიტველი ბიზნესმენისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას შუამდგომლობდა სასამართლოს წინაშე, ხოლო დაცვის მხარე 10 ათასი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა.
ბიზნესმენს ბრალად ედება 2010 წელს შპს „კავკასუს ელექტრო მარკეტის“ კუთვნილი 2 მლნ აშშ დოლარის მითვისება, რაც 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ვაიტკეავიჩიუსი ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, ხოლო სადავო პერიოდში მისი გენერალური დირექტორი იყო.
სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა განმარტეს, რომ 2010 წელს შპს „კავკასუს ელექტრო მარკეტის“ დირექტორმა კომპანია „ვიტასთან“ გააფორმა ხელშეკრულება ვენტილაცია–კონდიცირების ტექნიკის შესაძენად, რა მიზნითაც 2 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, თუმცა ბრალდების მხარის თქმით, რეალურად შესაძენი პროდუქცია კომპანიას არ მიუღია.
ამ საქმეზე გამოიძიება 5 მაისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოწმეებმა ჩვენებები მისცეს, თუმცა თავად ბრალდებული არ დაკითხულა და მისი აყვანა მაშინ მოხდა, როცა ის საქართველოს „მიმალვის“ მიზნით ტოვებდა, განაცხადეს პროკურორებმა. თუმცა სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში სხვადასხვა კომპანიების მეწილე და საქართველოში ბალტიისპირეთის ქვეყნების სამრეწველო პალატის თავმჯდომარეა, მიმალვას არ აპირებდა. ამ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 17 ივლისს ჩაინიშნა
მას შემდეგ რაც ვაიტკეავიჩიუსი დააკავეს, მისმა მეუღლემ განუცხადა ლიტვურ მედიას, რომ საქართველოს პროკურატურა ყოფილ ხელისუფლებასთან მისი მეუღლის კავშირებით ინტერესდებოდა, ასევე მისი კავშირებით დარიუს იურგელიავიჩიუსთან, რომელიც შინაგან საქმეთა მინისრობის დროს ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო.
„კავშირი ძალიან მარტივია – საულიუსი საქართველოში ბალტიის ქვეყნების სავაჭრო პალატის თავმჯდომარეა და მას კონტაქტები ქონდა ყველა ხელისუფლებასთან", – განუცხადა ვაიტკეავიჩიუსის მეუღლემ ახალი ამბების სააგენტოს Baltic News Service (BNS), „დარიუს [იურგელიავიჩიუსი] იყო მრჩეველი და ის დაინტერესებული იყო რაც შეიძლება ბევრი ინვესტორი მოეზიდა საქართველოში, ხოლო სავაჭრო პალატა იყო გაკრვეული დამაკავშირებელი რგოლი.“
თავად ვაიტკეავიჩიუსმა 31 მაისს სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
როდესაც მის ერთ-ერთ ადვოკატს კითხეს ინტერესდებოდა თუ არა პროკურატურა ვაიტკეავიჩიუსის ყოფილ ხელისუფლებასთან კავშირებით და შეიძლება თუ არა, რომ ეს საქმე პოლიტიკურად შეფასდეს, ადვოკატმა უპასუხა, რომ ის ამ კუთხით შეფასებას ვერ გააკეთებს.
საულიუს ვაიტკეავიჩიუსი სუპერმარკეტების ქსელის „პოპულის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, ასევე სუპერმარკეტის „იოლი“ პარტნიორი და საბჭოს თავმჯდომარე, სანამ ამ ორ ქსელს საინვესტიციო მენეჯმენტის ჯგუფი SEAF იყიდდა 2012 წლის დეკემბერში.
„კავკასუს ელექტრო მარკეტში“, კომპანიაში, რომელიც ელექტროტექნიკური მასალებით ვაჭრობს, ვაიტკეავიჩიუსს დღესაც ეკუთვნის 15%-იანი წილი. თუმცა მისი ეს საკუთრების უფლება შეზღუდულია თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით და მას აკრძალული აქვს ამ წილის გასხვისება და სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვა.
საქმე ეხება იმ სამოქალაქო დავას, რომელიც ვაიტკეავიჩიუსის წინააღმდეგ მისმა პარტნიორებმა, დაახლოებით, ორი წლის წინ სასამართლოში დაიწყეს 2 მილიონ დოლართან დაკავშირებით. თუმცა ვაიტკეავიჩიუსმა თავადაც დაიწყო შემხვედრი სამოქალაქო დავა პარტნიორების წინააღმდეგ, რაც დღემდე გრძელდება.
ამ დავასთან დაკავშირებით ვაიტკეავიჩიუსის ადვოკატებმა 31 მაისის სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლომ ლიტველი ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, მისმა მოდავეებმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. პროკურატურის წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ბრალდების მხარისთვის ამ სამოქალაქო დავის შესახებ ცნობილი არ იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)