ბურჯანაძე პრეზიდენტად იყრის კენჭს
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებზე პრეზიდენტად აპირებს კენჭისყრას, 12 ივნისს განაცხადა, რომ მისმა პარტიამ დაასრულა „რეორგანიზაცია“ და მომავალი კამპანიისთვის პარტიის რეგიონალური ოფისების გახსნას იწყებს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მინიმალური სტანდატებით მაინც ჩატარდება საარჩევნო კამპანია, ასეთ შემთხვევაში გამარჯვებას მოვიპოვებ“, – განუცხადა მან ტელეკომპანია „კავკასიას“ 12 ივნისს.
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, რომ არ შეიძლება, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნებით მოდიოდეს პოლიტიკური ძალა, რაც არ უნდა მოგვწონდეს ჩვენ ესა თუ ის ლიდერი, რომ მთელი ძალაუფლება იყოს კონცენტრირებული ერთი პოლიტიკური ძალის ხელში. ამიტომ, პრეზიდენტის ფუნქციას და პრეზიდენტის არჩევას, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი საქართველოში, ნამდვილად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ მოხდეს დაბალანსება ძალაუფლებისა და პრეზიდენტად იყოს ადამიანი, რომელიც ყველაფერზე თავს არ დაუქნევს, თუნდაც ძალიან საპატივცემულო პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილის სახით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
კოალიცია ქართულმა ოცნებამ განათლების მინისტრი და პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის ახლო მოკავშირე გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.
პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ არ შეურჩევია. მართალია პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ იგი აღარ ჩაატარებს პრაიმერს კანდიდატის შესარჩევად, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა 11 ივნისს, რომ ნაციონალური მოძრაობა "დიდი ალბათობით" თავის თავდაპირველ გეგმის ერთგული დარჩება და ჩაატარებს პრაიმერის.
ბურჯანაძე, რომელიც 2001–დან 2008 წლამდე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობებს ასრულებდა, პრეზიდენტ სააკაშვილის მოკავშირე იყო, სანამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალურ მოძრაობას დატოვებდა.
ბურჯანაძე, რომლის პარტიასაც მისი დაფუძნებიდან ჩატარებულ არცერთ არჩევნებში, მათ შორის 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, ქუჩის საპროტესტო აქციებს უძღვებოდა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს დარბევით დასრულდა.
მან განაცხადა 12 ივნისს, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ აქვს და დასძინა, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილისთვის იბრძოლებს, რათა ქვეყანაში ძირითად ოპოზიციურ ძალად დამკვიდრდეს, მისი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება.
ბურჯანაძემ მთავრობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის სრულმასშტაბიან მოლაპარაკებებში არ ერთვება რუსეთთან და მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე ორმხრივი დიალოგით შემოიფარგლება. საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მან ასევე განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი დასავლეთთან „მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობის“ შენარჩუნება იქნება.
საშინაო საკითხებთან დაკავშირებით ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია „სამართლიანობის აღდგენა“ და დასძინა, რომ ამისათვის არაა საკმარისი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება. მან იქვე დასძინა, რომ მთავრობა ვერ აგვარებს იმ საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ მოქალაქეებს, მისი თქმით, უკანონოდ ჩამოართვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)