უსუფაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტიდან ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ბრიუსელს სტუმრობს, 17 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოვიდა.
თავისი შესავალი სიტყვის შემდეგ, რომლის დროსაც უსუფაშვილმა კოალიცია ქართული ოცნების დაგეგმილ რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, მან ევროპარლამენტის დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომელთაგანაც ბევრი ყოფილი მაღალჩინოსნების, კერძოდ კი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას ეხებოდა.
ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა ევროპის ხალხთა პარტიიდან (EPP) კრჟიშტოფ ლისეკმა, რომელიც ევროპარლამენტის მომხსენებელია საქართველოს შესახებ, საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე საუბრისას უკრაინასთან გაავლო პარალელები, სადაც ყოფილი პრემიერ–მინისტრი იულია ტიმოშენკო საპატიმროში სასჯელს იხდის.
„რა თქმა უნდა, გარკვეული განსხვავებები არის – ტიმოშენკო ბევრად უკეთეს პირობებშია, რადგანაც მისთვის ახალი ამბები და ტელევიზია მაინც არის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ლისეკმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა მერაბიშვილის მოთხოვნა საკანში ტელევიზორის შეტანასთან დაკავშირებით.
პოლონელმა დეპუტატმა იაცეკ სარიუჟ-ვოლსკიმ, რომელიც ასევე ევროპის ხალხთა პარტიიდანაა, უთხრა უსუფაშვილს, რომ „ზედმეტი დიპლომატიურობის დრო არ არის“, რადგანაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ვილნიუსის სამიტი ახლოვდება, რომლისგანაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას ელის. დეპუტატმა სარიუჟ-ვოლსკიმ განუცხადა უსუფაშვილს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ „შერჩევითი სამართლის“, ანგარიშწორების და რეპრესიების გზას ადგას, რაც, მისი თქმით, ასევე გამოიხატა მერაბიშვილის დაკავებაში. „ვფიქრობ, ამით უკვე გადაიკვეთა წითელი ხაზი“, – განაცხადა სარიუჟ-ვოლსკიმ და დასძინა, რომ ახლა საქართველოში ვითარება „უფრო უარესია“, ვიდრე უკრაინაში. „თუ თქვენ ოპოზიციის ლიდერებს აპატიმრებთ, ამით თქვენს ერს არჩევანის უფლებას ართმევთ", – მიმართა მან უსუფაშვილს.
მან ასევე განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების პერსპექტივა „გაქრება“, თუ მთავრობა არ შეცვლის თავის პრაქტიკას. მისი თქმით, ის ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე რეკომენდაციის მიცემის წინააღმდეგ წავა, თუ საქართველოში სიტუაცია არ შეიცვლება.
ამის საპასუხოდ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატ სარიუჟ-ვოლსკის განცხადება „შერჩევითი პოლიტიკური სამართლის“ დემონსტრირებაა და დასძინა, რომ მისი კრიტიკა ნაციონალურ მოძრაობასთან ევროპის ხალხთა პარტიის ახლობლობიდან უფრო გამომდინარეობს, ვიდრე რეალური ფაქტებიდან.
დეპუტატმა სარიუჟ-ვოლსკიმ განაცხადა, რომ როდესაც იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი 2013 წლის მარტში პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს შეხვდა ევროპის ხალხთა პარტიის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის რანგში, „პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა უთხრა ჩვენს დელეგაციას: ‘ჩვენ დავიჭერთ ხალხს, რათა მაგალითი მივცეთ მათ, ვინც გაბედავს და შეეწინააღმდეგება’ მას. მან ეს ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციას უთხრა, მათ შორის იტალიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ფრატინის“. უსუფაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ დეპუტატი სარიუჟ-ვოლსკი არ არის მართალი, როდესაც ამგვარ ბრალდებას აყენებს. „ეს არასწორია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ევროპარლამენტის ბელგიელმა დეპუტატმა ანემი ნეიც-უტებროკმა ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE), რომელთანაც უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტიაა დაახლოებული, განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებზე არ არის დამოკიდებული იმის განსჯა, ჩაიდინეს თუ არა დანაშაულები საქართველოს ხელისუფლების ყოფილმა წევრებმა, თუმცა დასძინა, რომ ყოფილი პოლიტიკური ლიდერების დაკავება ევროპარლამენტის წევრებს უხერხულობას უქმნის. „ამიტომ ვიმედოვნებ, რომ თქვენ უზრუნველყოფთ პასუხებს ამ წუხილებთან დაკავშირებით“, – განუცხადა მან უსუფაშვილს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ბოლო ცხრა წლის მანძილზე ყველა ოფიციალური პირი მმართველობის ყველა დონეზე საქართველოში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ; ამიტომ, არავის უნდა გაუკვირდეს, თუ გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების, კორუფციის და სხვა დანაშაულების საქმეებზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების კვალზე გავა.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება „უზარმაზარი პრობლემის“ წინაშე დგას, რადგანაც ათასობით მოქალაქეს პროკურატურაში სარჩელები შეაქვს და წინა ხელისუფლების მიერ მათი ქონების ჩამორთმევის გამოძიებას ითხოვს. უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებაზე და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ ამ თანხის ნაწილი მშენებლობის ხარჯების დასაფარად იმ გზით იშოვნა, რომ აიძულებდა სხვადასხვა ბიზნესმენებს და კერძო პირებს, რომ სახელმწიფო მიწები ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში საბაზრო ღირებულებაზე ბევრად მაღალ ფასად შეეძინათ. მან ასევე ამოიკითხა მოკლე ამონარიდი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენიდან, რომელიც 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს ეხება და რომელშიც სასამართლო აცხადებს, რომ „ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, თუ როგორ ერთსულოვნად იმოქმედეს სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებმა, რათა არ მომხდარიყო სამართლის აღსრულება ამ საშინელი მკვლელობის საქმეში“. მართალია პროკურატურამ განაცხადა, რომ იგი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მერაბიშვილს, რომელიც 2006 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ბრალს დაუმძიმებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
„რა შეიძლება გავაკეთოთ ამ ტიპის საქმეებში და როგორ მოვაგვაროთ ასეთი საქმეები?“ განაცხადა უსუფაშვილმა, „ჩვენ ვიღებთ რჩევებს: ‘კარგით, შეიძლება იყოს რაღაც სამართალდარღვევები, მაგრამ თქვენ უნდა აპატიოთ მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაგადანაშაულებენ’. მე ვაცხადებ ამ ტრიბუნიდან: ჩვენ მზად ვართ ამისთვის“.
„ჩვენ ქართველ ხალხსაც უნდა გავცეთ პასუხი, რადგანაც ისინი ამ ქვეყნის ბატონ–პატრონები არიან და ისინი ამ ტიპის სიტუაციის მსხვერპლნი გახდნენ და თუ რჩევა იქნება: ‘აპატიეთ ყველას, მიუხედავად იმისა თუ რა ჩაიდინეს’ – მაშინ ჩვენ სხვა რამეზეც დაგვჭირდება რჩევა: მაშინ რას ნიშნავს სამართლიანობა? როგორ მოვიქცეთ?“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა მოუწოდა ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე არა მისი ან ნაციონალური მოძრაობის განცხადებების საფუძველზე იმსჯელონ, არამედ დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებების მიხედვით გამოიტანონ დასკვნები. მან განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს ყოფილი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი, რომელიც ევროკომისიამ ევროკავშირის სპეციალურ მრჩევლად დანიშნა საქართველოში სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმის და ადამიანის უფლებათა საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და დასძინა, რომ მთავრობა მზადაა, რომ მეტი დამკვირვებლები მიიღოს.
შეხვედრაზე ევროპარლამენტის ჩეხმა დეპუტატმა ლიბორ როუჩეკმა სოციალისტ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსიდან, რომელიც ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, როდესაც ეს უკანასკნელი ივნისის დასაწყისში საქართველოს სტუმრობდა, განაცხადა, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველო იყო „ერთპარტიული სახელმწიფო ერთი ავტორიტარული ლიდერით და პარლამენტში ოპოზიციის გარეშე“. მან განაცხადა, რომ „ქართული საზოგადოება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სამართლიანობაზე კონტროლი დაამყაროს“, თუმცა გააფრთხილა, რომ ეს პოლიტიკურ ანგარიშწორებაში არ უნდა გადაიზარდოს.
„საქართველო ერთპარტიულიდან მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლის პროცესშია. მმართველმა პარტიამ თავიდან უნდა აიცილოს გარკვეული მახეები, წინა მმართველი პარტიის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომა. ერთ–ერთი მახე, რომელშიც შესაძლოა ახალი მთავრობა გაებას, იქნებოდა გარკვეული ტიპის პოლიტიკური ვენდეტა“, – განაცხადა როუჩეკმა.
შეხვედრის შემდეგ უსუფაშვილმა განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში, რომ EPP-ის რამდენიმე წარმომადგენელი „ევროპელი კანდელაკები“ არიან – მას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი კანდელაკი ჰყავდა მხედველობაში. „ანუ ისეთივე ერთგული მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის, როგორც საქართველოშია ბატონი გიორგი კანდელაკი“, – განმარტა უსუფაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე გამონათქვამი შეხვედრაზე „იმდენად დიდი ტყუილი“ იყო, რომ მათზე კომენტარის გაკეთებაც კი არ სურს. „ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი წარმოაჩინეს, როგორც დემოკრატიის მაგალითი, დღეს მათგან სხვა რამეს ველოდოთ, ცოტა წარმოუდგენელია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ბრიუსელში უსუფაშვილი 17 ივნისს ასევე შეხვდა ევროკომისარს სავაჭრო საკითხებში კარელ დე გიუხტს. შეხვედრის შემდეგ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე თითქმის დასრულებულია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების „ვილნიუსის სამიტის წინ სრულიად აშკარაა, რომ საქართველოს ექნება სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)