ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სააკაშვილს შეხვდა
ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ჩართულობის ტემპი „ჩქარდება“ და მოუწოდა თბილისს, რომ ვილნიუსში ნოემბრის ბოლოს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე წარდგეს, როგორც „უფრო ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანა“.
ფულე 9 ივლისს თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა; 10 ივლისს იგი ერევანში სომხეთის ხელმძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც ისევ დაბრუნდება საქართველოში და 11–12 ივლისს ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც იგი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მთავრობის სხვა წევრებს, ასევე დეპუტატებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ბათუმში ჩამოსვლას ასევე გეგმავენ ბულგარეთის, ესტონეთის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც კონფერენციაში – "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები – ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ" – მიიღებენ მონაწილეობას.
პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თავის შესავალ სიტყვაში ევროკომისარმა ხაზი გაუსვა „კონსტრუქციული კოაბიტაციის“ მნიშვნელობას და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ და მათი პარტიული მიზნებისთვის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„იმისათვის, რომ საქართველოში ხელისუფლების გადაცემის პერიოდი ნამდვილად წარმატებული იყოს, საჭიროა, რომ დავინახოთ მისი დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერება და უფრო ღრმა ძალისხმევა საზოგადოების პოლარიზაციის აღსაკვეთად“, – განაცხადა ფულემ.
„ევროკავშირი დიდ პატივს სცემს ახალი მთავრობის დაპირებას ქართველი ხალხისადმი, რომ წარსულის დანატოვარი მოაგვაროს და გვჯერა, რომ ეს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების და ევროპული ღირებულებების დაცვით განხორციელდება“, – განაცხადა ევროკომისარმა, „უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველყოფას, რომ მართლმსაჯულება სამართლიანი და ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალია, თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა იქნას დაშვებული დაუსჯელობა“.
საქართველო იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო უკეთეს და კარგ ფორმაში იყოს ვილნიუსის სამიტისთვის“.
მან ასევე განაცხადა, რომ „ეს იქნება ჩემი ბოლო სამიტი, როგორც პრეზიდენტისთვის“ და რომ იგი ძალიან არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველომ ამ სამიტზე წარმატებას მიაღწიოს.
თუმცა, სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ მისი ხელისუფლების პირობებში მთავარი მიზანი ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა იყო ვილნიუსის სამიტისთვის, ახლა ეს მიზანი ამ შეთანხმების პარაფირებამდე ჩამოქვეითდა – რაც ტექნიკური ფაზაა ოფიციალურ ხელმოწერამდე.
ევროკომისარმა ფულემ იმედი გამოთქვა, რომ „მომდევნო ორ კვირაში“ დასრულდება ასოცირების შესახებ შეთანხმების იმ ნაწილთან დაკავშირებული დარჩენილი საკითხების განხილვა, რაც ეკონომიკური ინტეგრაციას უკავშირდება და რომელიც, მისი თქმით, ხელშეკრულების პარაფირების პირობას შექმნის. „პროგრესი ასევე აღინიშნება ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ვილნიუსში წარმატება გარანტირებული იქნება, თუ საქართველო წარდგება როგორც უფრო ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანა.
როდესაც მას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ კი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავების შესახებ ჰკითხეს, ფულემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან კეტრინ ეშტონთან 22 მაისს გავრცელებული ერთობლივი განცხადება მოიშველია, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მიმართ სამართალწარმოების პროცესს და „მოელიან, რომ ის სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარიმართება“.
„არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ამავე დროს საჭიროა შეიქმნას პირობები თავისუფალი, გამჭირვალე და მიუკერძოებელი პროცესისთვის“, – განაცხადა ფულემ 9 ივლისს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნორმალური არ არის სიტუაცია, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი დაკავებულია.
სააკაშვილის თქმით, მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ისმოდა პრეტენზიები, რომ სასამართლო არ იყო სრულად დამოუკიდებელი, თუმცა მისივე თქმით, ბოლო წლებში არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ დაუკავებიათ.
„დაუსჯელობის სინდრომი არავის არ უნდა გვქონდეს – არც წინა მთავრობას, არც ახალ მთავრობას, მაგრამ ასევე მართლმსაჯულება არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ მთავარ რაღაცეებს დავკარგავთ; მე არ მინდა, რომ საქართველო რაიმე სახით უკან დავხიოთ იმ დიდი მიზნების განხორციელებაში, რომელიც ჩემი მიზანია – ეს არის საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროატლანტიკური არჩევანი. ჩვენ არ გვინდა, რომ საფრთხეები შეიქმნას ვილნიუსის წინ იმიტომ, რომ ეს იქნება ჩემი ბოლო სამიტი, როგორც პრეზიდენტისთვის. მე არ მინდა, რომ იმ სამიტზე ჩვენ ჩავიდეთ იმ პოზიციით, რომ შეგვექმნას პრობლემები. ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ რომ ეს პრობლემები გამოვრიცხოთ და რაღაც სახის დიალოგი მოვნახოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)