„ბორჯომსა“ და „ნაბეღლავზე“ მოსაკრებელი გასამმაგდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 1 ოქტომბრიდან მინერალურ წყლებზე „ბორჯომსა“ და „ნაბეღლავზე“ მოსაკრებლის გასამმაგებას  ითვალისწინებს.

მოსაკრებლის ოდენობა „ბორჯომის“ 1მ3 მინერალურ წყალზე – 30 ლარით განისაზღვრება, 10 ლარის ნაცვლად, ხოლო 1მ3 „ნაბეღლავზე“ მოსაკრებელი 6 ლარიდან 18 ლარამდე გაიზრდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მოსაკრებლის გაზრდა განაპირობა იმან, რომ მინერალური წყლები ამოწურვად რესურსს წარმოადგენს და იმ პირობებში, როცა მათზე  საკმაოდ დიდი მოთხოვნა არსებობს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, "მნიშვნელოვანია" მოსაკრებლის ამ ფაქტორებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს ბორჯომისა და ნაბეღლავის წლის რესურსით სარგებლობისთვის ბიუჯეტში  2 284 165 ლარი შევიდა, ხოლო 2012 წელს – 2 223 598 ლარი –  ცვლილებების შედეგად ეს ციფრები საშუალოდ 3-ჯერ გაიზრდება.

მოსაკრებლის გაზრდის გეგმებზე მთავრობამ აპრილში განაცხადა, რასაც „ბორჯომის“ მწარმოებლის შეშფოთება მოყვა.  კომპანიამ "IDS ბორჯომი საქართველო", რომელმაც ცოტა ხნის წინ განაახლა ექსპორტი რუსეთში, განაცხადა, რომ  მოსაკრებლის გასამმაგება  უარყოფითად აისახება მინერალური წყლის კონკურენტუნარიანობაზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, უკრაინისა და სხვა საექსპორტო ბაზრებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)