სააკაშვილმა ნორმატიული აქტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტო დაადო ნორმატიული აქტების შესახებ კანონში შესატან  ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო და რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საკანონმდებლო აქტების ხელმოწერის უფლებას ანიჭებს აფხაზეთის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელის დანიშვნამდე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა 16 ივლისს, რომ კანონპროექტის დებულებები "იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩარევას."

კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოა, დროებით ნორმას შეიცავს, რომელიც 2014 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში და რომელიც უფლებას ანიჭებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს მიერ მიღებულ საკანონმდებლო აქტებს ხელი მოაწეროს აფხაზეთის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელის დანიშვნამდე.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც გიორგი ბარამია აპრილის დასაწყისში თანამდებობიდან გადადგა.

უმაღლესმა საბჭომ დევნილი მთავრობის ახალ ხელმძღვანელად ვახტანგ ყოლბაია დაასახელა, თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი თქვა მისი კანდიდატურის დამტკიცებაზე იმ მოტივით, რომ ყოლბაია ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა-ერთიან საქართველოს წევრია; პრეზიდენტის განცხადებით, ეს პარტია „აფხაზეთის ოკუპანტ ძალასთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კავშირში მყოფი" პოლიტიკური გაერთიანებაა.

ამჟამად ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)