EBRD–ის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 16 ივლისს საქართველოში სამდღიანი ვიზიტი დაიწყო.
16 ივლისს იგი პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
„EBRD–ის ნამდვილად ძლიერი ურთიერთობა, ძალიან ძლიერი პარტნიორობა აქვს საქართველოსთან“, – განაცხადა ჩაკრაბარტიმ შეხვედრის შემდეგ, „ველი, რომ წელს დაახლოებით 200 მილიონი დოლარის კიდევ ერთ ინვესტიციას განვახორციელებთ. ეს არის საქართველოს და მისი მომავლის მიმართ ჩვენი ნდობის ნიშანი“.
ბანკის ინფორმაციით, დღემდე EBRD–მ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში 158 პროექტისთვის 1.8 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.
EBRD–ი საქართველოსთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის მიღებას 2013 წლის სექტემბერში გეგმავს, რომელსაც, ბანკის თქმით, სამი მთავარი პრიორიტეტი ექნება, მათ შორის კერძო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობა; ენერგო სექტორის მოდერნიზაცია თანამედროვე მარეგულირებელი სისტემით და საქართველოს ეკონომიკის რეგიონალური და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა ინფრასტრუქტურული, ლოჯისტიკური, სატელეკომუნიკაციო და ფინანსური სექტორების პროექტებზე ფოკუსირებით.
ვიზიტის დროს EBRD–ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს და ასევე ადგილობრივი პარნტიორი ბანკების და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)