უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის ამკრძალავი დროებითი ნორმა გასაჩივრდება

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს კანონს, რომელიც უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე აკრძალვას 2014 წლის ბოლომდე უწესებს.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქართული ოცნების ორი დეპუტატის ინიცირებული იყო, პარლამენტმა 28 ივნისს დაამტკიცა, ხოლო ის ძალაში 17 ივლისს მას შემდეგ შევიდა, რაც მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი. 

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ 19 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში გააკრიტიკა ეს კანონი, როგორც „გაუმართლებელი“, რომელიც არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას და „უცხოელებს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმსა და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს“.

ამას გარდა, ორგანიზაციის თქმით, დაწესებული მორატორიუმი „ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს საინვესტიციო გარემოზე“.

ახლადმიღებული კანონი მორატორიუმის დაწესების პარალელურად ასევე ავალებს მთავრობას 2013 წლის ბოლომდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, ასევე მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზებას.
 
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა ივნისში, რომ შესაძლოა, 2015 წლამდე დაწესებული მორატორიუმი უფრო ადრეც გაუქმდეს, თუ მანამდე აგრარული დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)