ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმში პრაიმერი პროტესტის ფონზე გამართა

ზუგდიდში ერთი დღით ადრე განვითარებული მოვლენების მსგავსად, 21 ივლისს ნაციონალურ მოძრაობას საპრეზიდენტო პრაიმერის ფარგლებში ბათუმის კონფერენციის ჩატარება სასტუმრო შერატონთან მოწყობილი საპროტესტო აქციის ფონზე მოუწია.

აქციის ზოგიერთმა მონაწილემ, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წევრების ადგილზე მისვლას შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხვდებოდნენ, სხვადასხვა საგნები, მათ შორის კვერცხები ისროლა მათი მიმართულებით. პოლიციამ ამ ქმედების გამო ორი პირი დააკავა; სამართალდამცავებს კორდონი ჰქონდათ მოწყობილი, რათა მომიტინგეების ნაციონალური მოძრაობის წევრებთან მიახლოება არ დაეშვათ.

ორივე დაკავებული გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ბათუმის სასამართლომ ერთი მათგანი 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო მეორე მომიტინგის წინააღმდეგ პოლიციას მეტი მტკიცებულებების წარდგენა თხოვა.

ზუგდიდის ანალოგიური ინციდენტისას 12 პირი იქნა დაკავებული 20 ივლისს, როცა მოწინააღმდეგეებმა პრაიმერის კონფერენციაზე მიმავალ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ასევე დაუშინეს სხვადასხვა საგნები, რომელთა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, იყო ქვებიც. 12-ვე დაკავებული 100-ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს.

„თუ ჩვენ გვეცოდინება, რომ ამ ქვეყანაში ძალადობის და ქვების სროლის ფასი არის 100 ლარი, მაშინ ვერასდროს ამ ქვეყანაში ვერ დალაგდება სიტუაცია და ვერ გადავალთ ნორმალურ, ცივილიზებულ დიალოგზე“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და დიდი ალბათობით საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ კვირას.

მან პოლიციას მადლობა გადაუხადა „კარგი მუშაობისთვის“ ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც მათ მომიტინგეებს არ მისცეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან მიახლოების საშუალება, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ეს არაა საკმარისი და აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან მოდიოდეს სიგნალი, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული.

ბათუმში ნაციონალურმა მოძრაობამ მეხუთე რეგიონული კონფერენცია გამართა საპრეზიდენტო პრაიმერის ფარგლებში. პარტიის დელეგატებმა ოთხ კანდიდატს შორის გამართული დებატების შემდეგ, მანამდე ჩატარებული ოთხი კონფერენციის მსგავსად, ბათუმშიც ყველაზე მეტი ხმა დავით ბაქრაძეს მისცეს. ბოლო შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში 27 ივლისს ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)