ფანჯიკიძე აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი თედო ჯაფარიძე 19 ივლისს ვაშინგტონში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს შეხვდნენ.
„მხარეებმა ორმხრივი და რეგიონალური საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, საქართველოს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოში კონფლიქტის თაობაზე და საქართველოს ევროატლანტიკური კურსი. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბერნსმა, საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროატლანტიკური მისწრაფებების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. აშშ-ის სახელით, ბილ ბერნსმა ISAF-ის მისიის მხარდაჭერისათვის, საქართველოსადმი მადლიერება გამოხატა“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში 20 ივლისს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთთან ურთიერთობები იქნა ასევე განხილული.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და დეპუტატი თედო ჯაფარიძე იმ დელეგაციის წევრები იყვნენ, რომელმაც აშშ–ში ვიზიტი გასული კვირის დასაწყისში დაიწყო და რომლის შემადგებლობაშიც შედიოდნენ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ასევე დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან თინა ხიდაშელი, დავით ონოფრიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.
დელეგაციის წევრებმა გასულ კვირას შეხვედრები გამართეს კონგრესის 20–ზე მეტ წევრთან, ასევე აშშ–ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და რამდენიმე ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან.
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაასრულა ვიზიტი ვაშინგტონში. იგი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 22 ივლისს ევროკავშირი–აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი თბილისში ბრუნდება, ხოლო დელეგაციის რამდენიმე სხვა წევრი აშშ-ში რჩება; დეპუტატები ხიდაშელი და ჯაფარიძე მიმდინარე კვირას კალიფორნიას ეწვევიან, სადაც აშშ–ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან გამართავენ შეხვედრას.
თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კალიფორნიიდან იგი ისევ ვაშინგტონში დაბრუნდება, სადაც განაგრძობს შეხვედრებს კონგრესის ზოგიერთ წევრთან, მათ შორის რესპუბლიკელ კონგრესმენთან მაიკლ ტერნერთან, რომელმაც ქართული დელეგაცია უკვე მიიღო გასული კვირის დასაწყისში.
კონგრესმენი ტერნერი აშშ–ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში იმ შესწორების ინიციატორია, რომელიც აშშ–ის წარმომადგენელთა პალატამ გასულ თვეს მიიღო და რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ „მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების და ამჟამინდელი პოლიტიკური ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ, რაც, როგორც ჩანს, პოლიტიკური შეხედულებებითაა მოტივირებული“. ამავე დოკუმენტის თანახმად, ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავება „განსაკუთრებით შემაშფოთებელია“. „საქართველოს მთავრობის მიერ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულმა ღონისძიებებმა, სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებებით მოტივირებულ ნაწილში, შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში უფრო ძლიერი ურთიერთობის ჩამოყალიბების ძალისხმევასა და საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროგრესზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ახლა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ლობისტური ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ ეს ცვლილება ამოღებულ იქნას აშშ–ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტიდან, სანამ წლის ბოლოს კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ კონფერენციაზე მის საბოლოო ვერსიაზე მოხდება შეთანხმება. გასულ თვეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა განაცხადეს, რომ ეს ცვლილება პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის ლობისტული ძალისხმევის შედეგია.
დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემას აღარ ელიან. მისი თქმით, საქართველოს თავისი სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა ექნება და მთავარი გზავნილი, რომელსაც ქვეყანა იღებს არის ის, რომ საქართველოს სულ უფრო მეტი მეგობარი ჰყავს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში.
ვიზიტის პირველ დღეს, 16 ივლისს საქართველოს დელეგაცია დემოკრატ სენატორს ჯინ შაჰინს შეხვდა.
სენატორმა შაჰინმა საქართველოს საკითხი 11 ივლისს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წამოწია, როცა ვიქტორია ნულანდის კანდიდატურის დამტკიცებაზე მსჯელობდნენ. ნულანდი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზეა წარდგენილი.
სენატორმა შაჰინმა განაცხადა მოსმენაზე, რომ იგი შეშფოთებულია იმის გამო, რომ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მთავრობამ ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი დააკავა, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში იმყოფებიან და სთხოვა ნულანდს ის პროგრესი შეეფასებინა, რომელსაც საქართველომ ახალი ხელისუფლების პირობებში მიაღწია.
„მე ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას“, – უპასუხა ნულანდმა, „საქართველომ ბოლო წლებში დიდი გზა განვლო, მათ შორის იყო შარშანდელი არჩევნები, რასაც მოყვა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა; აქტიური მრავალპარტიული პარლამენტის განვითარება; მედიის მეტი თავისუფლება; პოლიციასა და ციხეში ცუდი მოპყრობის აღმოფხვრა და სტაბილურობა საგარეო პოლიტიკაში. თუმცა, არავის სურს საქართველოს უკუსვლა იხილოს. სავსებით გვესმის, რომ ამ ხელისუფლებამ კენჭი იყარა და გაიმარჯვა იმ პირობით, რომ გამოასწორებდა წარსულ შეცდომებს, მაგრამ ჩვენ ძლიერ გვჯერა კანონის უზენაესობის უპირატესობის. და ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური შურისძიების ან თუნდაც პოლიტიკური შურისძიების აღქმის საბაბი. სრული გამჭირვალობა უნდა იყოს. კანონის უზენაესობის შესაბამისი პატივისცემაა საჭირო. რადგანაც მსოფლიო აკვირდება და ეს სწორედ საქართველოს მისწრაფებებია, რომელთაც ჩვენც მხარს ვუჭერთ, რომ სრულად შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებს. ამდენად, საქართველო უნდა დარჩეს დემოკრატიულ გზაზე“.
ნულანდმა, რომელსაც აქამდე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობა ეკავა, ასევე განაცხადა, რომ მას „აშფოთებს“ საქართველოს ეკონომიკაც. „გვინდა, რომ ქართველები მომავლისკენ იყურებოდნენ და არა წარსულისკენ“, – დასძინა მან.
საქართველოს დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს ჰოვარდ მაკკეონს, ასევე რესპუბლიკელ კონგრესმენებს მარიო დიას–ბალარტს, სტივ ჩაბოტს, ჯო უილსონს, შონ დაფის, ადამ კინზინგერს, ტომ ფრაისს, და რესპუბლიკელ კონგრესმენ ქალბატონს კეი გრენჯერს; დემოკრატ კონგრესმენებს ალბიო სიერასს, ელიოტ ენგელს, ჯონ გარამენდის, დემოკრატ კონგრესმენ ქალბატონს ნიტა ლოუის და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ წევრს სტენი ჰოიერს.
ასევე გაიმართა შეხვედრები რესპუბლიკელ სენატორებთან ჯონ მაკკეინთან, მარკო რუბიოსთან, რონ ჯონსონთან, როჯერ ვიკერთან, ასევე დემოკრატ სენატორებთან დიან ფეინსტენთან, ბენჯამინ კარდინთან და ქრისტოფერ მერფისთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და დეპუტატი ონოფრიშვილი, რომელიც პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარეა, ასევე შეხვდნენ ელჩ მირიამ საპიროს, აშშ–ის სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ქართულ-ამერიკულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას და იმ სამუშაოებს, რაც ამ მიმართულებით ხორციელდება.
„როგორც საქართველო, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულნი არიან, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)