ევროკავშირმა და საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს

ევროკავშირმა და საქართველომ „წარმატებით დაასრულეს“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებები, განაცხადა ევროკომისიამ. 
 
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილი იქნება და მას შემდეგ მოეწერება ხელი, რაც ევროკავშირსა და საქართველში არსებული შიდა პროცედურები დასრულდება, განაცხადა ევროკომისიამ.

„თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომლის შესახებ მოლაპარაკებებს 17 თვე და 7 რაუნდი დასჭირდა, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს უფრო ადვილად შეიტანოს საქონელი და მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე.  თავისუფალი სავაჭრო სივრცე საფუძველს ჩაუყრის ვაჭრობასთან დაკავშირებული მექანიზმების – სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების ჰიგიენური სტანდარტებისა და საწარმოო საქონლის მარეგულირებელი  წესების ევროკავშირის წესებთან დაახლოების – შემდგომ  რეფორმირებას. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოს საქონლის ევროკავშირის ბაზარზე გასვლას და აამაღლებს ქართველ მომხმარებელთა უსაფრთხოებას. მოსალოდნელია, რომ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად მოხდება ღია, სტაბილური და წინასწარ განჭვრეტადი გარემოს ხელშეწყობა, რაც გაზრდის ევროპიდან პირდაპირი ინვესტიციების ნაკადს“, – განაცხადა ევროკომისიამ.

ევროკავშირმა და საქართველომ მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ 2012 წლის თებერვალში დაიწყეს.

საქართველო იმედოვნებს, რომ ნოემბრის ბოლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

„მდგრად ვაჭრობაზე ზეგავლენის შეფასების“ შესახებ დამოუკიდებელმა კვლევამ, რომელიც ევროკავშირისთვის მომზადდა, აჩვენა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს 12%–ით, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტს – 7.5%–ით გაზრდის.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა, დაწერა თავის Twitter-ზე: „მივესალმები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვანი ფაზა დასრულდა. ვილნიუსის სამიტის შემდეგ უფრო მეტს უნდა მივაღწიოთ“.

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ დაწერა თავის Twitter-ზე, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დასრულება გზას გაუკვალავს ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)