ივანიშვილმა ქართული ოცნების დეპუტატები ‘იპოთეკარებთან’ დაკავშირებით კანონპროექტის მიღების გამო გააკრიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა თანაგუნდელი დეპუტატები ბიზნესთან შეუთანხმებლად „აბსოლუტურად გაუაზრებელი“ კანონპროექტის მიღების გამო, რომელიც იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების შეჩერებას ითვალისწინებს და ამ კანონპროექტზე მუშაობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ქართული ოცნების 49 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 1 თებერვლამდე ჩერდება სააღსრულებო პროცედურები იმ საქმეებზე, რომლებიც შეეხება სესხის ან იპოთეკის ხელშეკრულების დარღვევის გამო უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში გადაცემას, სახლებიდან პირთა გამოსახლებას და უძრავი ქონების რეალიზაციას.

კანონპროექტი, რომელიც საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა და ბიზნეს ობუდსმენმა მკაცრად გააკრიტიკეს, როგორც ქვეყნის ეკონომიკისათვის უარყოფითი შედეგების მომტანი, პარლამენტმა პირველი მოსმენით 26 ივლისს დაამტკიცა.

„სამწუხაროა, რომ პარლამენტი ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა“, – განუცხადა დღეს ივანიშვილმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ გადაწყვეტილება არც მთავრობის მიერ ყოფილა განხილული და არც საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან არ შეთანხმებულა.

„არ შეიძლება ბიზნესთან შეუთანხმებლად ბიზნესს უკარნახო“, – განაგრძო მან, „ბანკებს აქვთ იპოთეკური  სესხები გაცემული და ისინი შეიძლება დაზარალდნენ. ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლუტურად გაუაზრებელია და აბსურდულია“.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 27 ივლისს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოზე შეეცდება დაარწმუნოს თანაგუნდელი დეპუტატები, რომ „არ გააგრძელონ ამ კანონპროექტზე მუშაობა“.

„მე ძალიან მკაცრად მივუთითებ, რომ ასე არ შეიძლება“, – დასძინა მან.

მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება პარლამენტმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს, თუ ბიზნეს სტრუქტურებთან შესაბამისი შეთანხმება მოხდება.

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)