უკანონოდ მოპოვებულ მასალებთან დაკავშირებულ ამნისტიის კანონპროექტში ცვლილებები შევიდა
პარლამენტმა მეორე მოსმენით 75 ხმით მიიღო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც იმ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც საგამოძიებო ორგანოებს ნებაყოფლობით ჩააბარებენ უკანონოდ მოპოვებულ ჩანაწერებს.
თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით კანონპროექტმა მეორე მოსმენის წინ გარკვეული ცვლილებები განიცადა.
ერთი ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ უკანონოდ მოპოვებული მასალების ნებაყოფლობით ჩაბარების ვადად განისაზღვრა კანონის ამოქმედებიდან 3 თვე, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული ერთი თვისა.
მეორე ცვლილების თანახმად, ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც პირადი ან ოჯახური საიდუმლო უკანონოდ მოიპოვეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე და მათზე, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერს ამ ამნისტიის აქტის ამოქმედებამდე ინახავდა.
საპარლამენტო განხილვის დროს კანონპროექტის ავტორმა, ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ კანონპროექტის ტექსტიდან შემდეგი ახალი ფორმულირება წაიკითხა: „ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ შენახვა ამ კანონის ამოქმედებამდე“.
დეპუტატმა ქართული ოცნებიდან შალვა შავგულიძემ განმარტა, რომ ამნისტიის ფარგლებში მოექცა 157-ე მუხლით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური საიდუმლოს შენახვა და ასევე მოპოვება, რაც, მისი თქმით, „წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული არა ჯანმრთელი სამართლებრივ-პოლიტიკური გარემოთი“ იყო განპირობებული.
„აქედან გამომდინარე ჩაითვალა, რომ იმ კონკრეტული ადამიანების მიერ ასეთი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება ეპატიოთ მათ არა მხოლოდ 1 ოქტომბრამდე ანუ ხელისუფლების შეცვლამდე პერიოდში ჩადენილი, არამედ კიდევ დამატებით სამი თვე [ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში], ვინაიდან ინერციით გრძელდებოდა და შესაძლებელია, გაგრძელებულიყო ჯერ კიდევ იმ სისტემის გავლენა იგივე თანამდებობის პირებზე, რომლებიც რჩებოდნენ თავიანთ სამსახურებში“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
შაბათს გამართულ საპარლამენტო განხილვებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები საპრეზიდენტო პრაიმერის გამო არ ესწრებოდნენ, თუმცა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს მათ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს დაგეგმილი ამნისტიის მიმართ.
სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი, რომლის ამნისტირებასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ეხება დანაშაულს, რომელიც დაკავშირებულია კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერასთან ან მიყურადებასთან, ასევე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვებასთან ტექნიკური საშუალების გამოყენებით და ამ ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას.
კოდექსის კიდევ ერთი, ამნისტიას დასაქვემდებარებელი 159-ე მუხლი ეხება პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ანდა ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საიდუმლოების უკანონოდ დარღვევას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)