უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების შეჩერებაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება გადაიდო
დეპუტატებმა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან გადაწყვიტეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების დროებით შეჩერებაზე კანონპროექტის განხილვა გადაედოთ მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა ამ ინიციატივის წინააღმდეგ ისაუბრა.
თავდაპირველად პარლამენტი კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით შაბათის სხდომაზე გეგმავდა მას შემდეგ, რაც 25 ივლისს კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარა კენჭი.
26 ივლისს ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის მხრიდან „უპასუხისმგებლო“ ქმედება იყო იმ კანონპროექტის „დაჩქარებულად“ მიღება, რომელიც 2014 წლის 1 თებერვლამდე იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების შეჩერებას ითვალისწინებს, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის ან იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე.
გადაწყვეტილება კანონპროექტის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 27 ივლისს ქუთაისში კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გააუარესებს და უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორზე.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა, რომ მათ დაპირდნენ, რომ ეს საკითხი ისე მოგვარდება, რომ მხედველობაში იქნას მიღებული ყველა ის შედეგი, რასაც კანონპროექტი ქვეყნის ეკონომიკას მოუტანს, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებული სოციალური საკითხები.
პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებისას ქართული ოცნების დეპუტატები მოტივად „ათი ათასობით“ იმ მოქალაქის პრობლემების მოგვარების საჭიროებას ასახელებდნენ, რომელთაც საკუთარი სახლებიდან გამოსახლება ემუქრებათ, ვინაიდან იპოთეკურ სესხებს ვერ იხდიან. პარლამენტში 27 ივლისს ასევე იმყოფებოდნენ იპოთეკით დატვირთული ბინების მფლობელთა ჯგუფი, რომელთაც პრეტენზიები გამოთქვეს ქართული ოცნების დეპუტატებთან კანონპროექტის მიღების გადავადების გამო.
ქართული ოცნების დეპუტატმა გენევან ფოფხაძემ სთხოვა დეპუტატებს ორშაბათამდე გადაედოთ კანონპროექტის განხილვა; მისი თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები კანონპროექტის შემდგომ ბედთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)