თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას, რომელსაც მანამდე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა. 

ივლისში პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებს უწყებათაშორისი კომისიის, რომლის ამოცანაც საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა, ეროვნული უშიშროების საბჭოდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია განიხილავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან მიმართებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე, დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები. განხილვის შედეგად, კომისია გამოსცემს რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისა და საჯარო დაწესებულებების მიმართ.

ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, განაცხადეს თავიანთ ანგარიშში, რომ საარჩევნო კამპანიის დროს უწყებათაშორისი კომისია „სასარგებლო ფორუმი გამოდგა დაინტერესებული მხარეების მიერ წამოჭრილი პრობლემების განხილვისთვის“.

27 აპრილის შუალედურ არჩევნებამდე კონკრეტულ საკითხებზე შეხედულებები კომისიაში ხშირად იყოფოდა, რომლის დროსაც მთავრობის წარმომადგენლები კომისიიდან ხშირად არ ეთანხმებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, რომელიც იმ დროს კომისიის თავმჯდომარე იყო, და შედეგად, ეს უკანასკნელი ხშირად თავის ცალკე რეკომენდაციებს გამოსცემდა.

ახლა ათწევრიან კომისიაში, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროების და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები შედიან, ასევე გაწევრიანდებიან თავდაცვის სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები, განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ 8 აგვისტოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)