ამერიკული სამხედრო ხომალდი ოთხი დღით ბათუმს სტუმრობს
ამერიკული სამხედრო ხომალდი Bulkeley (DDG 84) შაბათს დილით ბათუმის პორტში შევიდა, სადაც ოთხი დღის განმავლობაში გაჩერდება.
აშშ–ის საელჩო თბილისში აცხადებს, რომ ხომალდი ბათუმის პორტს „გეგმიური ვიზიტით და საქართველოს სანაპირო დაცვის წვრთნის მიზნით ესტუმრა".
აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი Bulkeley (DDG 84) და საქართველოს სანაპირო დაცვის ორი კატარღა 11 აგვისტოს ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას, იტყობინება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.
ერთობლივი წვრთნა 13 აგვისტოსაც გაიმართება, რის შემდეგაც ამერიკული ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დატოვებს, განაცხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ პარასკევს.
„აღნიშნული ვიზიტი აშშ-ის მეექვსე ფლოტის ძალისხმევის გაგრძელებას ემსახურება, რომელიც შავი ზღვის ქვეყნებთან მსოფლიო საზღვაო პარტნიორობას და საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას გულისხმობს“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ 10 აგვისტოს.
ხომალდს აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი მეტ დიმიკიც ესტუმრებიან.
ბოლოს აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 2011 წლის ოქტომბერში სტუმრობდა, როდესაც გემი Philippine Sea ბათუმის პორტში შევიდა; მანამდე 2011 წლის ივნისში ბათუმის პორტს ცალ–ცალკე ასევე სტუმრობდნენ სამხედრო ხომალდები Anzio და Monterey.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)