თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანიას ასახელებს

თერთმეტმა არასამთავრობო  ორგანიზაციამ 23 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანიას კანდიდატურა დაასახელა, როგორც ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც  საარჩევნო საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

თამარ ჟვანია ამჟამად გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროექტებს ხელმძღვანელობს, ხოლო მანამდე, 2004-2007 წლებში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორი იყო. მას საარჩევნო საკითხებზე მუშაობის თითქმის 13-წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე საერთაშორისო საარჩევნო მისიებში მონაწილეობის გზით.

ჟვანიას კანდიდატურას შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები უჭერენ მხარს: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი, ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო", კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მრავალენოვანი საქართველო, კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის, განვითარების დემოკრატიის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი.

„ვფიქრობთ, რომ თამარ ჟვანიას კანდიდატურა მისაღები იქნება, როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე მმართველი კოალიციის პარტიების წარმომადგენლებისთვის“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ კანდიდატურის წარდგენისას, რომელსაც თამარ ჟვანია თავად არ ესწრებოდა.

იმავდროულად, 22 აგვისტოს თავის წერილობით განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომლის პრეროგატივაა ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურების წარდგენა, განაცხადა, რომ მზადაა მომავლ კვირაში გამართოს კონსულტაციები ამ თემაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, როგორც მას ამას კანონმდებლობა ავალდებულებს. 

„მინდა განვაცხადო, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის, სურვილიც და ვალდებულებაც არის კონსულტაციების პროცესი გაიმართოს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, რომლებსაც აქვთ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების გამოცდილება და საზოგადოების ნდობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან  მან პირდაპირ შესთავაზა „სამართლიან არჩევნებს – ნინო ლომჯარიას, საერთაშორისო გამჭვირვალეობას – ეკა გიგაურს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას – კახა კოჟორიძეს“, რომ მზადაა „წარვადგინო პირადად ნებისმიერი თქვენთაგანის კანდიდატურა ან ნებისმიერი პირი, რომელიც თქვენს ერთიან, შეთანხმებულ კანდიდატად იქნება წარმოდგენილი“.

კანონმდებლობა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სხვა მოთხოვნებთან ერთად უყენებს პირობას, რომ მას აუცილებლად უნდა გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატი. სამ კანდიდატს პრეზიდენტი თავდაპირველად წარუდგენს ცესკოს, რომლის პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა უნდა შეარჩიონ თავმჯდომარე სულ ცოტა 4 ხმით; თუ ხუთი დღის ვადაში ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი იმავე კანდიდატურებიდან საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უკვე დეპუტატები აირჩევენ 5 წლის ვადით.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 აგვისტოს ზურაბ ხარატიშვილი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 კვირით ადრე თანამდებობიდან პოლიტიკაში წასვლის მოტივით გადადგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)