მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით დაკავებული პირები გათავისუფლდნენ

ცხრავე მამაკაცი, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთიდან ხელისუფლების მიერ მინარეთის დემონტაჟის გამო ადგილობრივებსა და პოლიციას შორის 26 აგვისტოს მომხდარი შეტაკების შედეგად, სამშაბათს გათავისუფლდა.

ექვსი პირი, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა, თითოეული 400-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს; სამი მამაკაცი მას შემდეგ გამოუშვეს, რაც ბრალი დასდეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. მათ საქმეებს სასამართლო განიხილავს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები, ძირითადად სოფელ ჭელასა და მიმდებარე სოფლების მუსულმანი მაცხოვრებლები, რომლებიც ახალციხის პოლიციის შენობასთან მინარეთის დემონტაჟის შემდეგ არიან შეკრებილნი, განაგრძობენ აქციას მინარეთის აღდგენის მოთხოვნით.

20 აგვისტოს ადიგენის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც  მინარეთის მშენებლობა მოხდა უკანონოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე. თუმცა დემონტაჟის ფორმალური საფუძველი გახდა არა საკრებულოს ეს გადაწყვეტილება, არამედ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის უკან იდგა. შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ მინარეთის დემონტაჟი მისი ექსპერტიზის მიზნით განხორციელდა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც 14 ივლისს საქართველოში მისი თურქეთიდან იმპორტის დროს საბაჟოზე იქნა დეკლარირებული. შემოსავლების სამსახურის პრესცენტრის წარმომადგენელმა განუცხადა სამშაბათს Civil.ge-ს, რომ მინარეთის ექსპერტიზა გრძელდება, თუმცა მან ვერ დააკონკრეტა, თუ როდის დასრულდება ეს პროცესი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)