საქართველოს საპატრიარქო მინარეთის დემონტაჟის შესახებ

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთიდან მინარეთის დემონტაჟის შემდეგ განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ „გარკვეულ ძალებს“, რომელთაც საპატრიარქო არ აკონკრეტებს,  საქართველოს მუსულმან და ქრისტიან მოსახლეობას შორის შუღლის გაღვივება სურთ.

„ადიგენის რ-ნის სოფ. ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული ზოგიერთი განცხადება გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, ეს მოვლენა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, მუსლიმთა უფლებების დარღვევად წარმოაჩინონ და ამ განწყობას უღვივებენ ისლამის მიმდევარ უბრალო ხალხსაც“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. 

„მივმართავთ ჩვენ სისხლსა და ხორცს, სოფელ ჭელას მუსლიმ ქართველებს, საქართველოს სხვა სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებ ქართველ და არაქართველ მუსლიმებს: ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც საუკუნეების წინაც კი, როდესაც ჩვენი ერი სხვა და სხვა ისლამური ქვეყნების შემოსევებს უმკლავდებოდა, საქართველოში მცხოვრებ მაჰმადიანებზე ეს არ აისახებოდა და ისინი ასეთ დროსაც კი შევიწროებას არ განიცდიდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ურთიერთობები დღეს უფრო მაღალ საფეხურზეა ასული და ამ დამოკიდებულებას ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ“. 

„ის კი, რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა დაახლოებით მსგავსი იმ პროცესებისა, რაც სურდათ განევითარებინათ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში“, – აცხადებს საპატრიარქო.

2012 წლის ნოემბრის შემდეგ სამ სოფელში, სადაც მუსულმანი და ქრისტიანი მოსახლეობა შერეულია, რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როცა ქრისტიანი თანასოფლელები აპროტესტებდნენ მუსულმანების ლოცვებს მეჩეთებად გადაკეთებულ სახლებში. ეს ინციდენტები ხდებოდა გურიის სოფელ ნიგვზიანში, ქვემო ქართლში სოფელ წინწყაროსა და კახეთის რეგიონის სოფელ სამთაწყაროში. ჭელას შემთხვევა ამ ინციდენტებისაგან განსხვავებულია, რადგან ამ სოფლის მუსულმან და ქრისტიან მაცხოვრებლებს შორის რაიმე კონფლიქტის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. მინარეთის დემონტაჟის ფორმალური მიზეზი გახდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ქმედება ექსპერტიზის მიზნით განახორციელა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც 14 ივლისს საქართველოში მისი თურქეთიდან იმპორტის დროს საბაჟოზე იქნა დეკლარირებული.

საქართველოს საპატრიარქომ თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ „ამ ძალის მიზანია, როგორმე დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა, ამით კი ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამ ფონზე თავისი მიზნები განახორციელოს“.

„ვინც აღნიშნულ მოვლენებს თვალყურს ადევნებს, შეუძლებელია ეს არ დაინახოს“, – აცხადებს საპატრიარქო.

„თხოვნით მივმართავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა სულიერ ლიდერებს, ხელი კი არ შეუწყონ, არამედ შეეწინააღმდეგონ პროვოკაციულ ქმედებებს როგორც ადიგენში, ისე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალციხეში შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც 26 აგვისტოს მინარეთის დემონტაჟის შემდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ, მას შემდეგ დათანხმდნენ დაშლილიყვნენ 27 აგვისტოს, რაც მათ ამისკენ ხულოს რაიონიდან ჩასულმა მუფთმა მოუწოდა.

საქართველოში მუსლიმთა ლიდერებისადმი მიმართვის ნაწილში საპატრიარქოს განცხადებაში ასევე ნათქვამია: „დღეს თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თქვენი სამწყსოს პოზიცია კანონის, სახელმწიფოებრივი ინტერესების და, რა თქმა უნდა, რელიგიური გრძნობების დაცვის საკითხში“.

„ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყოველთვის ვცდილობდით და კვლავაც ძალისხმევას არ მოვაკლებთ, რათა ის კეთილი დამოკიდებულება, რაც გვაქვს საქართველოში მყოფ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან და მოსახლეობასთან, ასევე ჩვენს მეზობელ მუსლიმურ ქვეყნებთან და მათ სულიერ ლიდერებთან, განვამტკიცოთ“, – აცხადებს საპატრიარქო. 

„ამისთვის კი ერთ-ერთ წინაპირობად მიგვაჩნია მომხდარის რეალური მიზეზების სასწრაფოდ დადგენა, უკანონო ქმედებების ჩამდენთა და ვითარების გამწვავებით დაინტერესებულ პირთა გამოვლენა. ამასთან სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომ ყველამ იცოდეს თავისი ქმედებების ზღვარი, რათა არ მოხდეს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ესკალაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)