მთავარ პროკურატურას მინარეთის „უკანონო“ დემონტაჟის გამოძიებისკენ მოუწოდებენ
რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ 29 აგვისტოს ერთობლივად მოუწოდა მთავარ პროკურატურას გამოიძიოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთიდან მინარეთის „უკანონო“ დემონტაჟის ფაქტი, რამაც, მათი თქმით, დაარღვია საკუთრების უფლება და ასევე ხელყო მუსლიმი მოსახლეობის რწმენის თავისუფლება.
ერთობლივ განცხადებას, რომელიც ამ შემთხვევის იურდიული ასპექტების დეტალურ ანალიზს მოიცავს, ხელს აწერენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი; მედიის განვითარების ფონდი; ფონდი ALPE; მრავალეროვანი საქართველო; ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ქმედებებში იკვეთება „დანაშაულის ნიშნები“.
„შესაბამისად, მოვუწოდებთ მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მიეცნენ ის მოხელეები და თანამდებობის პირები, რომელთა უკანონო მოქმედებებმაც უხეშად ხელყვეს სოფელ ჭელას მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
მინარეთის დემონტაჟის ფორმალური მიზეზი გახდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ქმედება ექსპერტიზის მიზნით განახორციელა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც 14 ივლისს საქართველოში მისი თურქეთიდან იმპორტის დროს საბაჟოზე იქნა დეკლარირებული. შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ გაუჩნდა „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორ კლასიფიცირებას შესაძლოა იმპორტის გადასახადის ოდენობის შემცირება გამოეწვია.
29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ დაასრულა „შავი ლითონის კონსტრუქციის (მინარეთი)“ სასაქონლო ექსპერტიზა და ის მესაკუთრეს უბრუნდება. უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ იმპორტირებულ საქონელს არასწორი კოდი ჰქონდა მინიჭებული, რომლის შეცვლის შედეგადაც ის 12%-იანი იმპორტის გადასახადით დაიბეგრება.
რვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის განმარტებები „საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად“ და იქვე უთითებს, რომ თურქეთში დამზადებული საქონელი იმპორტის გადასახადით არ იბეგრება, ვინაიდან საქართველოსა და თურქეთს შორის 2007 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მოქმედებს.
შემოსავლების სამსახურმა 29 აგვისტოს ასევე განმარტა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თანახმად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია მხოლოდ თურქეთში დამზადებული საქონელი, რაზეც შესაბამისი წარმოშობის სერთიფიკატი მინარეთის დეკლარირებისას წარდგენილი არ ყოფილა და „შესაბამისად, მასზე საგადასახადო შეღავათი ვერ გავრცელდებოდა“.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მუსლიმების მიერ მინარეთის განბაჟებისას არანაირი ფინანსური ზარალი არ განუცდია, თუმცა ასეთი ზარალის არსებობის შემთხვევაშიც, სახელმწიფო ორგანოებს არ გააჩნდათ მინარეთის დემონტაჟის უფლებამოსილება“, – ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებაში.
„შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ღონისძიება ატარებდა უკანონო ხასიათს, იყო დაუსაბუთებელი და დაარღვია როგორც… საკუთრების უფლება, ასევე ხელყო მუსლიმი მოსახლეობის რწმენის თავისუფლება“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და იქვე მიუთითებენ, რომ „ჩატარებული ოპერაციის მასშტაბები და მოცულობა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების უგულვებელყოფა და სახელმწიფო ორგანოთა მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება, გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს მივიჩნიოთ, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანს არ წარმოადგენდა გადასახადის შესაძლო დანაკლისის დადგენა და ბიუჯეტში მიმართვა“.
„ჭელაში მომხდარი ინციდენტი სცილდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უკანონო მოქმედებას და რელიგიური უმცირესობებისადმი მთავრობის დისკრიმინაციული პოლიტიკის უკიდურესად შემაშფოთებელ სიმპტომად გვევლინება“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფმა ასევე გააკრიტიკა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მიერ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, როგორც „უპასუხისმგებლო“.
„ამ უაღრესად სახიფათო პროცესების განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებმა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, „ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჭელას მინარეთის მოშლასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის პოზიცია, რომ მუსლიმებს მინარეთების გარეშეც შეუძლიათ ილოცონ, ხოლო მათი მშენებლობის უფლება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ასევე შეშფოთებას იწვევს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა აქცენტი პრობლემის რეალური არსის მიჩქმალვა და მისი პოლიტიკურ ძალთა შორის დაპირისპირების ჭრილში გადატანაა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)