ივანიშვილი: ჭელას ინციდენტს არაფერი აქვს საერთო რელიგიურ შეუწყნარებლობასთან
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ადიგენის რაიონში სოფელ ჭელას მეჩეთიდან მინარეთის დემონტაჟის შესახებ თავის პირველ საჯარო კომენტარში აღნიშნა, რომ ამ ინციდენტს არაფერი აქვს საერთო რელიგიურ შეუწყნარებლობასთან, რადგან მინარეთის მშენებლობა კანონდარღვევით მოხდა და ამაზე ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავდა.
„სოფელ ჭელაში მომხდარ ინციდენტს არაფერი აქვს საერთო რელიგიურ შეუწყნარებლობასთან. მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა, თვითნებობასა და უკანონობაზე კი ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს. თუ სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის პროცესში ან აქციის მონაწილეთა მიმართ დარღვეული იყო კანონი ან გამოყენებული იყო გადამეტებული ძალა, ფაქტები იქნება შესწავლილი და მოჰყვება სათანადო რეაგირება. ოღონდ ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სახელმწიფომ, კანონმა და სასამართლომ აღადგინოს სამართლიანობა“, – განაცხადა ივანიშვილმა 2 სექტემბერში უცხოეთში აკრედიტებულ საქართველოს ელჩების შეკრებაზე გამოსვლისას.
„თუმცა, როდესაც საქმე რელიგიურ გრძნობებს ეხება, ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ეს მეტად სათუთი თემაა ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანისთვის. ქვეყანაში რელიგიათა შორის თანხმობასა და მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს“, – აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რელიგიური შემწყნარებლობა და რელიგიური გრძნობების პატივისცემა საქართველოს „ეროვნული ტრადიციაა“ და ქვეყნის კონსტიტუციის „ერთ-ერთი ფუნდამენტურ დებულებას“ წარმოადგენს.
„ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციით – სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრებით, ვამაყობდით იმით, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითი არ მოიძებნება. მე ღრმად მწამს, რომ ეს ტრადიცია არსად გამქრალა, რადგან ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია მშვიდობიანი თანაცხოვრება“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრმა თავის გამოვლის ამ ნაწილში ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ შარშან ოქტომბერში ხელისუფლების ცვლილების მთავარ „მონაპოვრად“ იქცა ის, რომ პოლიტიკური სივრცე გაიხსნა და „შიშისგან“ გათავისუფლებულ ადამიანებს „მიეცათ საშუალება ღიად გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები, სურვილები და მისწრაფებები“.
„მიმაჩნია. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია კონსენსუსის ძიებისკენ, რაც არ არის ადვილი. თუმცა ისე უნდა გავიაროთ ეს ურთულესი ეტაპი, რომ არ დავუშვათ არსებითი შეცდომები არც ხელისუფლებამ და არც ხალხმა“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)