პარლამენტმა სამ საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოები დაძლია
პარლამენტმა 6 სექტემბერს პრეზიდენტის ვეტოები დაძლია სამ საკანონმდებლო ინიციატივაზე – უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტზე, ინიციატივაზე, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლის შეჩერებას ითვალისწინებს და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებზე.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 24 ივლისს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიმართ პრეზიდენტის ძირითადი შენიშვნები უკავშირდებოდა აკრძალვას, რომლის მიხედვითაც დოქტორანტები ვეღარ გახდებიან ასისტენტ პროფესორები, რაც უნივერსიტეტებში „ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვის შემცირებას“ გამოიწვევს; ასევე ახალ დებულებებს, რომლებიც თანამდებობრივი სარგოს ზღვრულ კოეფიციენტებს აწესებს უნივერსიტეტების ადმინისტრაციული თანამდებობის პირებისთვის; ასევე დებულებას, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეუთავსებელი ხდება აკადემიურ თანამდებობასთან.
პარლამენტმა ეს შენიშვნები არ გაიზიარა და პრეზიდენტის ვეტო 93 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაძლია კანონპროექტზე, რომლის ძირითადი სადავო პუნქტები, მათ შორის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნის თაობაზე, მის მიღებამდე შეიცვალა.
მეორე კანონპროექტი, რომელზეც პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა, 2014 წლის ბოლომდე აჩერებს სასოფლო–სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლას არასასოფლო–სამეურნეო მიწის სტატუსით, რაც პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, ლახავს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას და ინვესტიციების შემცირების გზით ნეგატიურ გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე.
ეს კანონპროექტი პარლამენტმა 30 ივლისს დაამტკიცა, როგორც მცდელობა იმ სამართლებრივი ხვრელის დასახურად, რომელიც სასოფლო–სამეურნეო მიწის შესყიდვაზე უცხოელებისათვის დაწესებული მორატორიუმის გვერდის ავლის შესაძლებლობას ქმნიდა. აღნიშნული მორატორიუმი 2014 წლის ბოლომდე პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით დაწესდა, რომელიც ძალაში 17 ივლისიდან მას შემდეგ შევიდა, რაც მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი.
დეპუტატმა ქართული ოცნებიდან გიგლა აგულაშვილმა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული ამ ინიციატივების თანაავტორია, 6 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე „უცნაური“ და „ალოგიკური“ უწოდა იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა არა ძირითად კანონპროექტზე, არამედ „მისი შემავსებელი“ კანონპროექტის მიმართ. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 91 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაძლია.
მესამე საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა, დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში თბილისის მერიის როლის შემცირებას უკავშირდება კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჩართულობის ზრდის ხარჯზე.
პრეზიდენტი ითხოვდა იმ ნორმების ანულირებას, რომლის მიხედვითაც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებასა და მოხსნას მთავრობა განახორციელებს კულტურის სამინისტროს და არა თბილისის მერიის წარდგინებით; ასევე მერიის ნაცვლად, დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებზე ნებართვის გაცემას და ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო ნებართვების გაცემას განახორციელებს კულტურის სამინისტრო.
პრეზიდენტის შენიშვნები დეპუტატებმა არ გაიზიარეს და ვეტო 92 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაძლიეს, თუმცა განაცხადეს, რომ გაგრძელდება კონსულტაციები მერიისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობისთვის ეფექტური მექანიზმების შესაქმნელად.
არსებული პარლამენტის არჩევიდან დღემდე, პრეზიდენტმა საერთო ჯამში ვეტოს უფლება თერთმეტ საკანონმდებლო ინიციატივაზე გამოიყენა. აქედან პრეზიდენტის ათი ვეტო პარლამენტმა დაძლია, ხოლო ერთ შემთხვევაში პარლამენტი დათანხმდა არ დაეძლია ვეტო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)