მთავრობის მიმართვა ჭელას მუსლიმ მოსახლოებას

მთავრობა მოუწოდებს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მუსლიმ მოსახლეობას ხელისუფლების მიერ მოხსნილი მინარეთის აღმართვის ნებართვის მისაღებად შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებს მიმართონ, ნათქვამია მთავრობის სახელით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ 11 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

ჭელას მეჩეთიდან მინარეთის დემონტაჟი ხელისუფლებამ 26 აგვისტოს განახორციელა, რასაც მუსლიმი თემის პროტესტი მოჰყვა. დემონტაჟიდან ოთხ დღეში მინარეთი დააბრუნეს და სოფლის გარეთ დაასაწყობეს მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, განაცხადა, რომ დაასრულა მინარეთის ექსპერტიზა და აღმოაჩინა დარღვევები მისი განბაჟების დროს, როცა ივლისში მისი იმპორტი განხორციელდა თურქეთიდან საქართველოში. მთავრობის თქმით, მართალია მინარეთის მშენებლობა უკანონოდ მოხდა, მაგრამ მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როცა საქმე რელიგიურ გრძნობებს  ეხება.

„ვინაიდან ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ მრევლს თავისი რელიგიური უფლებების რეალიზებაში, მოვუწოდებთ სოფელ ჭელას მუსლიმ მრევლს, მიმართონ კანონით დადგენილ სტრუქტურებს მინარეთის აღმართვის კანონიერი უფლების მოსაპოვებლად“, – ნათქვამია რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ მთავრობის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

„ამასთან ერთად გაცნობებთ, მთავრობაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად, რომელიც დაარეგულირებს რელიგიურ და საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნორმებს“, – ნათქვამია განცხადებაში, „დარწმუნებული ვართ, საკანონმდებლო სივრცეში მოქცეული ეს ფაქიზი საკითხი მომავალში თავიდან აგვაცილებს სოფელ ჭელაში განვითარებულის მსგავს მოვლენებს“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობა "არ დაუშვებს" საქართველოს კონსტიტუციით დაცული აღმსარებლობის თავისუფლების "გარანტიების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას".