ალექსი პეტრიაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც ერევანში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მესამე შეხვედრას ესწრება, 12 სექტემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა.
„[სომხეთის საგარეო საქმეთა] მინისტრმა ისაუბრა სომხეთის ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით, მათ ადრეც დაუფიქსირებიათ ასეთი სურვილი, რომ გაწევრიანებულიყვნენ საბაჟო კავშირში, ამიტომაც მან მიმოიხილა ის პროცესები, რომელიც ამ მიმართულებით ვითარდებოდა“, – განაცხადა პეტრიაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
„თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს შეფერხება ვერ შეექმნება იმის გამო, რომ სომხეთს აქვს სურვილი გაწევრიანდეს საბაჟო კავშირში და საქართველო კი აუცილებლად გაწევრიანდება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზონებში ევროკავშირთან“, – დასძინა მან.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა პრესრელიზში, რომ შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი ვილნიუსში და ორმხრივი ურთიერთობები იქნა განხილული.
„მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ დღეს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა პოლიტურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. მათ დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა, რომ განაგრძონ ძალისხმევა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების და გაძლიერების მიმართულებით“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ერევანი 13 სექტემბერს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მესამე შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრას, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მინისტრები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები მონაწილეობენ, ასევე ესწრება ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე.
მიმდინარე კვირას ევროპარლამენტში გამოსვლისას ფულემ განაცხადა, რომ საბაჟო კავშირის წევრობა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონასთან, რადგანაც ეს „სამართლებრივად შეუძლებელია“.
„რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებმა გაზარდონ თანამშრომლობა საბაჟო კავშირთან, შესაძლოა დამკვირვებლის სტატუსით; და რა თქმა უნდა "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე" სრულად თავსებადია ჩვენი პარტნიორების არსებულ შეთანხმებებთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სხვა სახელმწიფოებთან“, – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ინიცირებული ევრაზიული კავშირის პროექტის განვითარებაში, „აუცილებელია პარტნიორების სუვერენული გადაწყვეტილებების პატივისცემა“.
მისი თქმით, ნებისმიერი მუქარა და ზეწოლა რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე „მიუღებელია“.
„ეს შეეხება ყველა სახის ზეწოლას, მათ შორისაა: ენერგომატარებლებზე ფასებით მანიპულირება; ხელოვნური სავაჭრო ბარიერები, როგორიცაა იმპორტის აკრძალვა, რაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თავსებუდობას ბუნდოვანს ხდის; სამხედრო თანამშრომლობისა და უსაფრთხოების გარანტიები; და გაჭიანურებული კონფლიქტების გამოყენება“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)