საქართველო და შვეიცარია ვიზების გაცემის გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ  შეთანხმებას მოაწერეს ხელი 13 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ ნეუშატელში.

ხელშეკრულება, შვეიცარიის საგარეო უწყების თანახმად, ეფუძნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო მიმოსვლის გამარტივების შესახებ შეთანხებას, რომელიც 2011 წლის მარტიდან მოქმედებს.
 
„სხვა საკითხებთან ერთად, ის არეგულირებს გრძელვადიანი მრავალჯერადი შესვლის ვიზების გამარტივებულ გაცემას სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფებისთვის, როგორიც არიან ბიზნესმენები, ჟურნალისტები და შვეიცარიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრები… ის ასევე აძლევს უვიზო მიმოსვლის საშუალებას დიპლომატიური პასპორტების მქონე მთავრობის წარმომადგენლებს“, – განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

13 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაია ფანჯიკიძემ და დიდიე ბურკჰალტერმა განიხილეს შვეიცარიის, როგორც შუამავლის როლი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში, რომელიც ბერნმა მას შემდეგ იკისრა, რაც თბილისმა და მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს.

შვეიცარია 2014 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება როტაციის პრინციპით. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეუთოს თავმჯდომარეობის დროს შვეიცარიის ერთ–ერთი პრიორიტეტი იქნება დიალოგისა და ნდობის აღდგენის გზით სამხრეთ კავკაშიაში კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობა.

„შვეიცარია დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გამოსწორებას და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენას შეეცდება. კერძოდ, მოხდება ახალგაზრდების, პროფესიონალების და ექსპერტების გაცვლების ხელშეწყობა“, – განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

შვეიცარიაში ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა პარლამენტის ზედა პალატის – კანტონთა საბჭოს თავმჯდომარეს ფილიპო ლომბარდის.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)