ბათუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა

ბათუმში პარასკევს ღამით მომხდარი სროლის დროს სამი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ადგილობრივი გამვლელი, პოლიციელი და რუსეთის მოქალაქე.  
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა შაბათს საღამოს, რომ რუსეთის მოქალაქემ, რომელიც პოლიციის მიერ დადგინდა, რომ არის იუსუფ ლაკაევი, მას შემდეგ გახსნა ცეცხლი, რაც მას და მის ორ თანმხლებ პირს, საქართველოს მოქალაქეებს, პოლიციელი მიუახლოვდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესამოწმებლად. შსს–მ განაცხადა, რომ ცეცხლის გახსნის შედეგად ლაკაევმა ერთ–ერთი პოლიციელი და გამვლელი დაჭრა. სამინისტროს განცხადებით, ლაკაევი მას შემდეგ დაიჭრა, რაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. შსს–ს განცხადებით, ჭრილობები მის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ლაკაევი საქართველოში „არალეგალურად“ შემოვიდა.

ორი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეს ახლდნენ, იყვნენ ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე.

წულუკიძე ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ხოლო თემურ ბახუნტარაძე მისი მწვრთნელი.  

შსს–მ განაცხადა, რომ იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც ანტი–ტერორისტულმა ცენტრმა მოიპოვა, წულუკიძეს და ბახუნტარაძეს, რომლებიც დაკავებულები არიან, „უკანონოდ“ უნდა გადაეყვანათ ლაკაევი თურქეთის რესპუბლიკაში.

წინა თვეს ფირუზ წულუკიძემ, რომელიც ბათუმის მკვიდრია, განაცხადა, რომ მან ტურნირში მონაწილეობის მიზნით ბულგარეთში გამგზავრება ვერ შეძლო მას შემდეგ, რაც იგი 10 აგვისტოს თბილისის აეროპორტში სამართალდამცავებმა გააჩერეს და ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს; მისი თქმით, მას განუცხადეს, რომ იმის გამო არ უშვებდნენ საზღვარგარეთ, რომ მას „არასასურველ“ ხალხთან და „ვაჰაბისტებთან“ ჰქონდა კავშირი. წულუკიძემ, რომელიც მუსლიმანია, ასევე განაცხადა, რომ იგი რელიგიული დისკრიმინაციის ქვეშ მოექცა. 12 სექტემბრის სროლამდე რამდენიმე დღით ადრე ბახუნტარაძემ განუცხადა საინფორმაციო პორტალ ick.ge-ს, რომ იგი ბათუმში უშიშროების თანამშრომლებმა ორჯერ დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ შეეწყვიტა მოჭიდავეებთან რელიგიური მქადაგებლობა. „მაგას მეუბნებიან ზუსტად, ვაჰაბიტები ხართო“, – განაცხადა ბახუნტარაძემ.

ქართული მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი ჩეჩნეთიდანაა.

იგივე სახელის და გვარის მატარებელი პიროვნება, იმავე წელს ჩეჩნეთში დაბადებული იმ პირთა სიაშია, რომლებიც, როგორც რუსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, „ექსტრემიზმთან“ და „ტერორიზმთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.

2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი რუსეთის ოპერატიული შტაბის 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომელიც საზღვაო საზღვრების იმ სპეციალურ ზონას განსაზღვრავს, სადაც „უსაფრთხოების გაფართოებული ზომები“ უნდა იქნას მიღებული ოლიმპიადის დროს, თან ახლავს 88 პირის სია, რომლებიც, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, „ექსტრემისტულ საქმიანობაში ან ტერორიზმში არიან ჩართულნი“; მათ შორის არის იუსუფ ლაკაევი, რომლის დაბადების თარიღად 1988 წლის 3 აგვისტოა მითითებული. ამ ინფორმაციის დაწერის დროს ვერ მოხერხდა დაზუსტება სიაში მოცემული პირი იგივე პიროვნებაა თუ არა, რომელიც 12 სექტემბერს ბათუმში სროლების დროს დაიჭრა. შსს–მ უარი განაცხადა ბათუმში დაჭრილი რუსეთის მოქალაქის შესახებ  დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე, გარდა იმისა, რომ მისი სახელი იუსუფ ლაკაევია და ის 1988 წელს დაიბადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)