თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჰელმანდის პროვინციაში განთავსებული ქართველი სამხედროები მოინახულა.
იგი ვაშირის რაიონში მდებარე აშშ–ის საზღვაო ქვეითების ბაზა „ლეზერნიკს“, შემდეგ კი ჰელმანდის პროვინციის ჩრდილოეთით, მუსა ყალაში განთავსებულ სამხედრო ბაზა „ერედვს“ ესტუმრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე–3 და მე–4 ბრიგადების 33–ე და 42–ე ბატალიონები ამჟამად ჰელმანდის პროვინციაში არიან განთავსებული. საქართველოს დაახლოებით 50–მდე ჯარისკაცია განთავსებული ქაბულში ამერიკულ ბაზა ფენიქსზე. საქართველომ ავღანეთში 29 ჯარისკაცი დაკარგა.
„ეს ჯარისკაცები არიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის სტაბილურობის საფუძველი ავღანეთიდან“, – განაცხადა ალასანიამ „ერედვის“ ბაზაზე სტუმრობისას, სადაც 42–ე ბატალიონის სამხედროები არიან განთავსებული.
ეს უკვე ალასანიას მეოთხე ვიზიტია ავღანეთში მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს ის თავდაცვის მინისტრი გახდა.
იმავდროულად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრეიონი იმყოფება. მან 17 სექტემბერს კრწანისის საწვრთნელი ბაზა მოინახულა, სადაც აშშ–ის საზღვაო ქვეითები ქართველ სამხედროებს წვრთნიან ავღანეთში განთავსებისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)