რუსმა სამხედროებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ღობეების აღმართვა განაახლეს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ „ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე კონცენტრირებისკენ“ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ქართველ მკვიდრს და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ პირს შორის შელაპარაკება მოხდა იმის გამო, რომ რუსმა სამხედროებმა 17 სექტემბერს სოფელ დიცის მახლობლად ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართებით ღობეების აღმართვა განაახლეს.

სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობით ადგილზე საქართველოს და სეპარატისტული რეგიონის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.

„როგორც ჩანს, გარკვეული შელაპარაკება მოხდა ადგილობრივ მოსახლესა და რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებს შორის და დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს შორის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღნიშნული ინციდენტები ზოგადად სამომავლოდ აღარ მოხდეს. ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზე ამ დეტალებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები არ აპირებენ შეწყვიტონ ღობეების აღმართვა.

სოფელ დიცის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ღობეების აღმართვის შედეგად მათ სასაფლაოზე მისასვლელი გზა ეკეტებათ.

„დღეს, შუადღისას, დიცის მოსახლეობამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან  ღობეების აღმართვის პროცესის განახლებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა“, – განაცხადა მისიამ.

„2013 წლის მაისიდან დიცის მოსახლეობამ არაერთხელ გამოთქვა წუხილი ღობეების აღმართვის პროცესთან დაკავშირებით, რაც გადაადგილების თავისუფლებასა და საყოფაცხოვრებო საკითხებთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და წყალზე ხელმიუწვდომლობა“, – განაცხადა მისიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა „ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით“.

„საქართველოს მთავრობა გმობს მსგავს უკანონო ქმედებებს, რაც სავალალოდ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული კრიტიკული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, „საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)