ივანიშვილი: ‘მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს’
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ოქტომბრის არჩევნებზე მისი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს“.
„შარშან ოქტომბერში მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა და ხმა მისცა თავისუფლებას. დარწმუნებული ვარ, წელს ოქტომბერში კიდევ ერთხელ ერთ მუშტად შევიკვრებით, ავირჩევთ გიორგი მარგველაშვილს და ხმას მივცემთ საქართველოს წინსვლასა და სტაბილურობას“, – განაცხადა ივანიშვილმა, „გიორგი მარგველაშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი და ის ყველას პრეზიდენტი იქნება“.
19 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში კამპანიის ხალხმრავალ შეხვედრაზე გამოსვლისას, სადაც მარგველაშვილმა თავისი წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი არის „ღირსეული პიროვნება“, რომელსაც აქვს „სუფთა წარსული“.
„არაფერი გამოუვათ მათ, ვისაც ჭორებითა და მითქმა-მოთქმით შეცდომაში უნდათ ხალხის შეყვანა და არასწორი არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებენ მათ. ვურჩევ ყველას, თავი დაანებონ ასეთი მეთოდებით ბრძოლას და პატიოსან ბრძოლაში გაეჯიბრონ გიორგი მარგველაშვილს“, – განაცხადა მან ადრესატის დაკონკრეტების გარეშე.
ივანიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ ხელისუფლება „უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტის არჩევნებს“ ჩაატარებს.
„ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი პოლიტიკური კულტურა – დღეს ყველა ოპოზიციურ ძალას აქვს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, მათ ინტერესებს სახელმწიფო იცავს და ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს ხელის შეშლის არცერთი ფაქტი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
თავისი საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლების უმთავრეს გამოწვევად „დემოკრატიის კონსოლიდაცია“ დაასახელა.
„უნდა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე პოლიტიკური სისტემა, რომლის ცენტრშიც დგას მოქალაქე, ხოლო პოლიტიკოსები საზოგადოებასთან ერთად ქმნიან განვითარების ძირითად ჩარჩოს და ემსახურებიან წინსვლას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი ხედვით ამ ახალ მოდელში „განვითარების ევროპული ვექტორი სტაბილურია და არ იწვევს არავისში ეჭვს – არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“.
მარგველაშვლმა უმთავრეს პრიორიტეტად „სრულიად ახალ პრინციპებზე დაფუძნებული“ ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა დაასახელა, რისთვისაც მისი თქმით, საჭიროა სტაბილური გარემოს შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, ბაზრების გაფართოება და საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში უფრო აქტიური ჩართვა; ასევე შეღავათიანი სესხების პროექტების განვითარდება.
მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი იქნება ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობათა უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გარანტი; ხელს შეუწყობს დემოკრატიული ტრადიციის შექმნას ძლიერი თვითმმართველობების ჩამოყალიბებისა და პარტიების განვითარების მხარდაჭერით.
„მე მჭირდება თქვენი ნდობა და მხარდაჭერა დღეს და უწყვეტი თანამშრომლობა ხვალ“, – მიმართა მარგველაშვილმა მხარდამჭერებს.