დავით ბაქრაძე ვაშინგტონს სტუმრობს
ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი, დეპუტატი დავით ბაქრაძე, რომელიც მიმდინარე კვირას ვაშინგტონს სტუმრობს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს და რამდენიმე სენატორს შეხვდა.
ბაქრაძე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატი ახლავს თან, 18 სექტემბერს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს, ასევე რესპუბლიკელ სენატორებს ჯონ მაკკეინს და ჯიმ რიშს, ასევე დემოკრატ სენატორს ჯინ შაჰინს შეხვდა.
ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძემ „შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და საქართველოს მოქალაქეების რეგულარული გატაცების გამო და ხაზი გაუსვა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, განსაკუთრებით კი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, ძალადობის ფაქტებსა და დავით ბაქრაძის კამპანიისთვის ხელის შეშლის მცდელობებს; ასევე შერჩევით სამართალსა და ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე უარყოფით ტენდენციებს და პრობლემებიდან გამოსავლების გზების განხილვას“.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა განაცხადა, რომ მას ძალიან პოზიტიური საუბარი ჰქონდა ბაქრაძესთან მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე.
„მე ვისაუბრე იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკისთვის, ჩვენ მას მივიჩნევთ როგორც ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოსთვის, რათა გადადგას ნაბიჯი პოლიტიკური სტაბილურობისკენ, რეალური მრავალპარტიული სისტემისკენ და თავისუფალი, სამართლიანი და ღია არჩევნების ჩატარება, რომლის დროსაც მედიის თავისუფალი ხელმისაწვდომობა და ყველა კანდიდატისთვის კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა იქნება უზრუნველყოფილი… ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის გაძლიერებისთვის და იმისათვის, რომ საქართველომ მომდევნო ნაბიჯები გადადგას ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით“, – განაცხადა რუბინმა.
„ამრიგად, ეს არჩევნები ძალიან, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია… ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება“, – დასძინა მან.
აშშ–ის უწყებათაშორისი დელეგაცია 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო მდგომარეობის შეფასების მიზნით გასულ კვირას სტუმრობდა საქართველოს. დელეგაციამ განაცხადა, რომ მართალია გამოწვევები კვლავ რჩება, მაგრამ დაინტერესებულ მხარეებს შორის სახეზეა „მნიშვნელოვანი კონსენსუსი“, რომ საარჩევნო გარემო უფრო თავისუფალი და კონკურენტულია, ვიდრე ის ერთი წლის წინ იყო.
აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მიმდინარე კვირას ზუგდიდს სტუმრობდა არჩევნების წინ საელჩოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. ზუგდიდში ივლისში დაპირისპირების ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როცა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს და ლიდერებს მოწინააღმდეგეები დაესხნენ თავს, მათ შორის ქვების სროლის გზით. 11 სექტემბერს კი ზუგდიდში ბაქრაძის კამპანიის აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული, რადგანაც აქციის პარალელურად ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა მცირერიცხოვანი კონტრაქციაც იმართებოდა.
17 სექტემბერს ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა ნორლანდმა განაცხადა, რომ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ უფრო მეტი დაძაბულობა იგრძნობოდა, „ამ წუთას კი, მე ამ დაძაბულობას ვერ ვგრძნობ".
თუმცა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „მნიშვნელოვანია, რომ კვლავაც გავამახვილოთ ყურადღება მშვიდობიანი არჩევნების ჩატარების საჭიროებაზე“.
ელჩმა ნორლანდმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „პოლიციას კარგად ესმოდეს საკუთარი პასუხისმგებლობა მართლწესრიგის დაცვის კუთხით, ასევე მკაცრი ნეიტრალიტეტი დაიცვას და არ ჩაერთოს კენჭისყრის პროცესში“.
კითხვაზე, თუ ზოგადად როგორ შეიცვალა სიტუაცია შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ–ის ელჩმა უპასუხა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება „კონკურენტული არჩევნების შედეგად მიღებული ძლიერი ელექტორალური მანდატით“ და ოპოზიცია, რომელიც გამოცდილი და ორგანიზებულია. მისი თქმით, პარლამენტი „სულ უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება, როგორც ხელისუფლების ცალკე შტო“, ხოლო სასამართლო სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ არის დაკომპლექტებული, ახალი ხელისუფლების პირობებში სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას იძენს. მედია და სამოქალაქო საზოგადოება „კიდევ უფრო აქტიურია, ვიდრე ოდესმე“, დასძინა მან.
„რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებზეც ერთად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ დავრწმუნდეთ, რომ ოპოზიციაზე ზოგიერთ რეგიონში ზეწოლა არ ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი პროცესები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს, ზოგიერთი მნიშვნელოვანი საქმეები [ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ] კანონის უზენაესობის ზედმიწევნითი დაცვით წარიმართოს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დემოკრატიის საფუძვლები ჯანსაღია“, – განაცხადა ნორლანდმა.
მან ასევე აღნიშნა რომ მისი დაკვირვებით, საქართველოს მოსახლეობა მზად არის დაეყრდნოს უფრო დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვიდრე ინდივიდუალურ ლიდერებს.
„ამდენად, მიმაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს გზაზე სრულფასოვანი დემოკრატიისკენ“, – დასძინა აშშ–ის ელჩმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)