საქართველოს და ავღანეთის თავდაცვის სამინისტროები თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებენ

საქართველოსა და ავღანეთს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც ავღანეთის შეიარაღებული ძალების გაწვრთნაში დახმარებას ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

მან ავღანეთში განთავსებული ქართველი სამხედროები მიმდინარე კვირას მოინახულა და თავის ავღანელ კოლეგას ბისმილა ხან მოჰამადისაც შეხვდა.

„გაფორმდება ორ უწყებას შორის, საქართველოს და ავღანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის მემორანდუმი, რომელიც სამართლებრივ ბაზას გააჩენს იმისთვის, რომ ორმხრივ ფორმატში დავეხმაროთ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს ჩამოყალიბებაში. შევთავაზეთ რამდენიმე ფორმა ჩვენი დახმარების. მთავარი არის სამხედრო საგანმანათლებლო. ჩვენ შევთავაზეთ, რომ თუნდაც ჩვენი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გავწვრთნით ავღანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. ასევე დავეხმარებით სპეციალისტებით. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სამხედრო მფრინავები, სამხედრო ექიმები; მათ აქვთ დეფიციტი ამ სფეროებში“, – განაცხადა ალასანიამ 21 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ეს დახმარება კოალიციური ძალების 2014 წლის შემდგომი მისიის ფარგლებში საქართველოს კონტრიბუციის ნაწილია.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)