PACE–ს დელეგაცია წინასაარჩევნო შეფასებისთვის საქართველოს ეწვევა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია 24–25 სექტემბერს საქართველოს ეწვევა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სიტუაციის შეფასების მიზნით.

ექვსწევრიანი დელეგაციის ხელმძღვანელია მერიქსელ მატეუ პი (ანდორა) ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE); დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ანდრეს ჰერკელი (ესტონეთი) ევროპის ხალხთა პარტიიდან; ჯონ ტომლინსონი (გაერთიანებული სამეფო) სოციალისტური ჯგუფიდან; კრისტოფერ ჩოპე (გაერთიანებული სამეფო) ევროპელი დემოკრატების ჯგუფიდან; ვასილი ლიხაჩევი (რუსეთი) გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფიდან და ბორის სილევიჩი (ლატვია) სოციალისტური ჯგუფიდან, რომელიც PACE–ს თანამომხსენებელია საქართველოს საკითხებზე. 

დელეგაციის წევრები ქვეყნის ხელმძღვანელობას და საპრეზიდენტო კანდიდატებს, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)