უკრაინიდან ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოში 21 სექტემბერს შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ბრალდებულ ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიცია განხორციელდა კიევში მისი დაკავებიდან 10 თვის თავზე.
ინტერპოლის მეშვეობით ძებნის გამოცხადებიდან ორ დღეში, 2012 წლის 7 დეკემბერს მელნიკოვი კიევში დააკავეს მას შემდეგ, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალი წაუყენეს 2005 წლის იანვარში პოლიციელების ცემის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც სხვა პირებთან ერთად ასევე არიან ბრალდებულები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და მისი მაშინდელი მოადგილე სოსო თოფურიძე.
გამოძიების ინფორმაციით, რვა წლის წინ პოლიციის თანამშრომლები იმის გამო სცემეს, რომ არსებობდა ეჭვი, თითქოს რამდენიმე დღით ადრე თბილისის ერთ–ერთი რესტორანში მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას „შეურაცხყოფაში“ მონაწილეობდნენ.
მელნიკოვს, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ეჭვი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან მისი კავშირის შესახებ, ივლისში ამ საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დახმარების თაობაზე დამატებითი ბრალდებები წარედგინა. გირგვლიანის საქმეში ბრალდებულები არიან ასევე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია, რომელიც ამ დრომდე ძებნაშია. ამ უკანასკნელმა, გამოძიების ინფორმაციით, გირგვლიანზე ანგარიშსწორების ბრძანება გასცა კაფედან მას შემდეგ, რაც გირგვლიანმა სუფრის ერთ-ერთი წევრი, სადაც ასევე იმყოფებოდა მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)