დეკრეტული შვებულების ვადა და სახელმწიფო ანაზღაურება იანვრიდან გაიზრდება
შრომის კოდექსში მიღებული ცვლილებების თანახმად, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება არსებული 4 თვიდან 6 თვემდე გაიზრდება, ისევე როგორც 600 ლარიდან არაუმეტეს 1000 ლარამდე მოიმატებს ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ანაზღაურება.
ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა 27 სექტემბერს მეორე და მესამე მოსმენით მიიღო და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების ფონზე შობადობის წახალისებას, 2014 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დეკრეტული შვებულებისთვის ამჟამად გათვალისწინებული 477 დღე 730 კალენდარულ დღემდე გაიზრდება, საიდანაც ანაზღაურებადი იქნება 183 დღე, ნაცვლად 126 დღისა; ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში ანაზღაურებადი იქნება – 200 დღე, ნაცვლად 140 დღისა.
საბიუჯეტო დახმარება, რომელსაც დეკრეტული შვებულების გამო მიიღებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული პირი, არაუმეტეს 1 000 ლარამდე გაიზრდება ამჟამად გათვალისწინებული 600 ლარიდან. კერძოდ, დასაქმებული საბიუჯეტო დახმარების სახით მიიღებს მისი ერთი თვის ხელფასის ოდენობის თანხას, თუმცა არაუმეტეს 1 000 ლარისა. ამასთან, სახელმწიფო სამსახური ვალდებულია, რომ გარდა ამ საბიუჯეტო დახმარებისა, დეკრეტულ შვებულებაში მყოფს ანაზღაურებადი შვებულების ფარგლებში სრულად გადაუხადოს მისი ხელფასის ოდენობის თანხა. თუმცა ასეთივე ვალდებულება არ აქვს კერძო კომპანიას, რომელიც, კანონპროექტის თანახმად, შეიძლება შეუთანხმდეს დასაქმებულს დამატებით ანაზღაურებაზე.
დეკრეტული შვებულებისთვის სახელმწიფოს მიერ გასაცემი დახმარების ზრდა, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2014 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯებს დაახლოებით 3.4 მლნ ლარზე მეტით გაზრდის.