ივანიშვილი: სააკაშვილის ხელისუფლების ‘გაფუჭებულ საქმეს აუცილებლად გამოვასწორებთ’

პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმ ვითარების გამოსასწორებლად, რაც ადმინისტრაციულ საზღვრებზე მავთულხლართებით გამყოფი ხაზების მოწყობას და ზოგადად რუსეთთან ურთიერთობების „დალაგებას“ უკავშირდება, პრეზიდენტი სააკაშვილი მასწავლებლად ვერ გამოდგება, ვინაიდან ამ სიტუაციის შექმნაში მის ხელისუფლებას  „ლომის წილი“ მიუძღვის. 

მან ეს კომენტარი 30 სექტემბერს მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა პოზიცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელშიც მან მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა „ჩვენი მიწების ასეთი ჩუმი და ძალიან საშიში ანექსიის“ შესაჩერებლად.

ივანიშვილის განცხადებით, „არავინ არ ამართლებს რუსეთის აგრესიას“ და „გასაგებია, რომ ოკუპირებულია ტერიტორიები“, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების „დიდი უმეცრებების გარეშე, ჩემი დიდი ღრმა რწმენით, ეს არ მოხდებოდა და ვერ მოხდებოდა“.

„მას გონია, რომ ეს ჩვენი ბრალია, ის უნდა რომ მასწავლოს ახლა, თითქოს ჩვენი შერბილებული რიტორიკის ან რაღაც გამონათქვამების ან ქმედების შედეგია ის, რაც ხდება ე.წ. საზღვრებთან. ეს არის შედეგი ზუსტად მათი უმეცრებების და მათი სისულელეების“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, არც სააკაშვილის ხელისუფლებას მიუღია მისი წინამორბედისგან „კარგი“ მემკვიდრეობა კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, მაგრამ „იყო გაცილებით უკეთესი, ვიდრე გვაქვს დღეს და მათ შეეძლოთ ეს პროცესები –  და იყო ამის წინაპირობები ძალიან ბევრი, რომ პროცესები შეიძლებოდა გაუმჯობესებულიყო და დღეს შეიძლებოდა აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია გვქონოდა და არა ის, რაც გვაქვს“.

„ამაში ლომის წილი აქვს პირადად სააკაშვილს და ახლა დავუჯდე და სააკაშვილმა უნდა მასწავლოს ჭკუა რა უნდა გავაკეთო?“ – განაცხადა მან და დასძინა: „შესაბამისად უნდა ისწავლო მისგან, ვისაც კარგი მაგალითები აქვს, ვისაც აქვს მიღწევები“.

„ჩვენ ვიქნებით პრინციპული და თანმიმდევრული  და მათ გაფუჭებულ საქმეს აუცილებლად გამოვასწორებთ – ამას ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ამას დრო სჭირდება“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მან ასევე გააკრიტიკა სააკაშვილის ის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ „ბოლო თვეებში ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სასოფლო–სამეურნეო მიწაზე, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში“.

„თითქოს ახლა უფრო მეტი ტერიტორიები იკარგება, ვიდრე 2008–ში, ეს შედარება როგორ მოგწონთ ახლა? ეს შედარება ჯანსაღია?“ – მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)