ევროკავშირი რუსეთს ადმინისტრაციული საზღვრებიდან ღობეების მოხსნისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წამომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა მოსკოვს რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ აღმართული ღობეების და სხვა ბარიერების მოხნისკენ მოუწოდა.
ეშტონის პრესსპიკერმა განაცხადა 1 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომ უმაღლესი წარმომადგენელი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, თბილისის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს შორის ღობეების და სხვა ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით.
„ამგვარი ქმედებები – რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება – მნიშვნელოვან სიძნელეებს უქმნის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და ამ რეგიონების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.
„უმაღლესი წარმომადგენელი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ამ ბარიერების მოხსნა უზრუნველყოს. იგი კიდევ ერთხელ აღნიშნავს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,“ – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)