არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალების გამო პრეზიდენტს სუბარის გადადგომა სურს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ მთავრობამ სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს მას შემდეგ, რაც 16 წლის ბიჭი საკანში გარდაცვლილი იპოვეს ქუთაისის მე–2 საპყრობილეში განთავსებიდან მეორე დღეს.
მოზარდი, რომელიც წინა პატიმრობიდან პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე აგვისტოს ბოლოს გათავისუფლდა, ქურდობის ბრალდებით დააკავეს და ქუთაისის მე–2 საპყრობილეში მოათავსეს. სასამართლომ გირაოთი მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იგი გირაოს გადახდამდე პატიმრობაში რჩებოდა. 7 ოქტომბერს იგი საკანში გარდაცვლილი იპოვეს.
სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა 8 ოქტომბერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეს თვითმკვლელობა იყო.
თუმცა ბიჭის მშობლები ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ მათ შვილს ციხის მაყურებელთან ჰქონდა უთანხმოება. ციხის თანამშრომლების თქმით, მოზარდი მისი თხოვნის საფუძველზე ცალკე საკანში იყო მოთავსებული.
„მე მინდა მოვუწოდო ამ მთავრობას, რომ სწორედ იმ პირობებში, როდესაც ისინი გვპირდებოდნენ გასაოცარ დემოკრატიას, მინდა, რომ და მე ვფიქრობ, საზოგადოებაც მიესალმება ამას, თუ ისინი დააყენებენ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვერ აღკვეთა ეს ტრაგიკული ფაქტი, რომელიც მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო, არამედ იმიტომაც, რომ ის ძალიან ზერელედ ეკიდება ამ ფაქტს და დღეს ჩვენ გვთავაზობს ვერსიას, რომლისაც ალბათ, თავადაც არ სჯერა“, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით, პრემიერ–მინისტრთან კონსულტაციების გარეშე თანამდებობიდან გაათავისუფლოს მხოლოდ თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები.