ფინანსთა მინისტრი უმუშევრობასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის პროგნოზს არ ეთანხმება
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) „სრულიად წარმოუდგენელ“ პროგნოზს საქართველოში უმუშევრობის დონის ზრდასთან დაკავშირებით.
მიმდინარე თვის მსოფლიო ეკონომიკურ პროგნოზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში უმუშევრობის დონის 16.7%–მდე და 17.3%–მდე ზრდას ვარაუდობს, შესაბამისად, 2013 და 2014 წლებში; 2012 წელს ეს მაჩვენებელი 15%–ს შეადგენდა. აპრილში სსფ 2014 წლისთვის 13.3%–იან უმუშევრობას პროგნოზირებდა.
„ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ სრულიად წარმოუდგენელი პროგნოზი დაიდო სავალუტო ფონდის მიერ დასაქმების შემცირებასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხზე საერთოდ არ ყოფილა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან. არანაირი ფაქტობრივი მონაცემები არ ადასტურებს იმას, რომ შესაძლოა რაიმე პრობლემა იყოს“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.
„პირიქით, მეორე კვარტლიდან დაიწყო დასაქმების ზრდა. ეს პროცესი გაძლიერდება. გაზრდილია ექსპორტი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომავალ წლებში უმუშევრობა მნიშვნელოვნად შემცირდება“, – დასძინა ხადურმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2013 წელს 2.5%–მდე შენელდება გასული წლის 6.1%–იანი ზრდის შემდეგ; სსფ მომავალ წელს 5%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს – ანალოგიური გათვლა აქვს საქართველოს მთავრობას 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
„მოსალოდნელია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელება მოყვება შემცირებულ კერძო ინვესტიციებს, კრედიტების სუსტ ზრდას და საბიუჯეტო თანხების ეკონომიურ ხარჯვას“, – განაცხადა სავალუტო ფონდმა და დასძინა, რომ „ინვესტორთა ნდობის აღსადგენად ბოლოდროინდელი პოლიტიკური გაურკვევლობის მოგვარებაა საჭირო“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)