უცხოელი დიპლომატების განცხადება წინასაარჩევნო მედია გარემოზე

თბილისში აკრედიტებული დიპლომატების ჯგუფმა პარასკევს განაცხადა, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყურადღებით ადევნებს თვალს მედიასთან დაკავშირებულ მოვლენებს და რომ ის საქმის კურსშია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების გადადგომასთან დაკავშირებით ზეწოლის ბრალდებებზე.

„ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს მიერ მიღწეული და მიმდინარე პროგრესის, ასევე 27 ოქტომბრის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით, ელჩების სამუშაო ჯგუფი ხაზს უსვამს თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობას, სადაც არის გამოხატვის სრული თავისუფლება, აზრთა მრავალფეროვნება და ჟურნალისტური დამოუკიდებლობა“, –  განაცხადა დიპლომატთა ჯგუფმა, რომელიც ძირითადად აერთიანებს ელჩებს ეუთოს წევრი სახელმწიფოებიდან და როგორც წესი, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იკრიბება.

„ეს ფაქტორები განუყოფელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს ჰქონდეს საშუალება ამომრჩევლებს თავიანთი შეხედულებები გაუზიარონ, და რომ არჩევნების წინ ყველას თანაბარი პირობები ჰქონდეთ“, – ნათქვამია 18 ოქტომბერს ელჩების სამუშაო ჯგუფის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

„ელჩების სამუშაო ჯგუფი აგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას საქართველოში მედია გარემოსთან დაკავშირებულ მოვლენებზე, მათ შორის დაკავშირებულს რიგ პოლიტიკურ და კომერციულ ხელახალ გადაჯგუფებებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მაშინ, როდესაც OSCE/ODIHR–ის [შუალედურ] ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედია გარემო ნაკლებად პოლარიზებულად მიიჩნევა, ვიდრე 2012 წლის არჩევნების დროს იყო და რომ ჟურნალისტები ძირითად პოლიტიკურ მოვლენებს უფრო სრულყოფილად აშუქებენ, ანგარიში ასევე მიუთითებს, რომ არსებობს ბრალდებები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებზე ზეწოლას ახდენენ, რათა ისინი გადადგნენ. ელჩების სამუშაო ჯგუფს, ამ ბრალდებებთან ერთად, ასევე აცნობეს იმ ბრალდებების შესახებ, რომლებიც ეხება ზეწოლას ახალი ამბების ორგანიზაციებზე, მათ შორის საბჭოს წევრებზე, თანამშრომლებზე და ხელმძღვანელობაზე, ასევე ახალი ამბების განყოფილებებში პოლიციის თანამშრომლების სავარაუდო ყოფნას“.

„მოვუწოდებთ მხარეებს, რომლებსაც გააჩნიათ კონკრეტული საჩივრები, თავიანთი წუხილების წარსადგენად ისარგებლონ ეროვნული [ქვეყნის შიგნით არსებული] მექანიზმებითა და ინსტიტუტებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ელჩების სამუშაო ჯგუფი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, მედიის თანაბარი ხელმისაწვდომობის და კანონის უზენაესობის პატივისცემის ფუნდამენტურ პრინციპებს. ვუერთდებით ყველას, ვინც სამაგალითო არჩევნებისკენ მოუწოდებენ და ვადასტურებთ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას და მეგობრობას ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)