სააკაშვილის თქმით, მთავრობამ საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა შეაჩერა



კადრი ვიდეოჩანაწერიდან, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც მან თქვა, ანტისატანკო თხრილზე მიუთითებს. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობა თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის შეჩერების „მავნებლური ქმედების“ გამო გააკრიტიკა დეტალურად ისაუბრა რა საფორტიფიკაციო ნაგებობების შესახებ, რაც მისი თქმით, „აღარ არის საიდუმლო იმიტომ, რომ რუსებმა ეს იციან“.

ეს სატელევიზიო განცხადება სააკაშვილმა, რომლის მეორე საპრეზიდენტო ვადა რამდენიმე დღეში იწურება, 23 ოქტომბერს გააკეთა. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ამ ვიდეოში ასევე გადაღებულია ის ადგილები, სადაც მიწათხრილებია მოწყობილი.

„ადრე ეს იყო სახელმწიფო საიდუმლოება, მაგრამ მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იმიტომ რომ მესმის, რომ  საქართველოს მტერმა ეს უკვე იცის ისედაც“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც დედაქალაქის გარშემო საფორტიფიკაციო სამუშაოების შესახებ პირველი საჯარო განცხადება 2009 წლის აგვისტოში გააკეთა, თუმცა მაშინ მას დეტალებზე არ უსაუბრია. 

„2008 წლის შემდეგ, 2009-ში ჩვენ დავიწყეთ თბილისის გარშემო თავდაცვითი ნაგებობების შენება. ყველგან თბილისის გარშემო სიმაღლეზე ჩვენ გავაკეთეთ ბეტონის ბუნკერები და თბილისი დღეს კარგად არის დაცული ამ ბეტონის ბუნკერებიდან. და ჩრდილოეთიდან შეტევა თბილისზე არის ძალიან გართულებული, განსხვავებით 2008 წლიდან“, – განაცხადა მან 23 ოქტომბერს.

„შემდეგ ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თუ ჩრდილოეთიდან გაუჭირდებოდათ რუსებს შემოტევა, გამოეყენებინათ ამისთვის მათი ბაზები სომხეთის ტერიტორიაზე და ეს გეგმა მუშავდებოდა რუსეთში. და ჩვენ ასევე დავიწყეთ დედაქალაქის აქეთა მიმართულებით, წითელი ხიდის მიმართულებით ფორტიფიკაციების გაკეთება“, – განაცხადა მან. 

„ამ ფორტიფიკაციების 70% დამთავრებულია. ეს არის ანტისატანკო თხრილი, რომელსაც უყურებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა და თითი გაიშვირა იმ თხრილისკენ, რომელიც მის უკან მოჩანდა, „25 კილომეტრი ავაშენეთ აქ და დარჩენილი არის სულ რამდენიმე კილომეტრი“.

მან ასევე განაცხადა, რომ ამის შესახებ ესაუბრა გენშტაბის ოფიცრებს და „მათ თქვეს, რომ მთავრობაში მათ აუხსნეს, რომ ამ ნაგებობების მშენებლობით ჩვენ ვაღიზიანებთ და პროვოკაციას ვუწყობთ რუსეთს“.

„ყოველი ასეთი ფორტიფიკაცია ანელებს და დიდი ხნით ურთულებს საქართველოს მტერს ყოველგვარ შემდგომ შეტევით ოპერაციებს. ამაში ჩვენ  გამოვიყენეთ უცხოელი ინჟინრებიც, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან ბევრი ენერგია ჩავაქსოვეთ. პრაქტიკულად დღეს არსებული ნაგებობების და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს აღარ არის საიდუმლო იმიტომ, რომ რუსებმა ეს იციან, მშენებლობა მთლიანად შეჩერებულია და არსებული ნაგებობების ამუშავება პრაქტიკულად არის მთლიანად საბოტაჟის ქვეშ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მე მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი მავნებლური ქმედება და მე ასევე მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა ამის შესახებ უნდა იცოდეს“, – აღნიშნა მან.       

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)