ხმების დათვლა მიმდინარეობს
საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საბურთალოს რაიონის ერთ–ერთ უბანზე საარჩევნო ყუთს ცლიან, 27 ოქტომბერი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღამის 12 საათის შემდეგ პირველი წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო, რომლის თანახმადაც ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 63.27%-ით დამაჯერებლად ლიდერობს.
ეს მონაცემი ეყრდნობა 756 უბნის შედეგებს, რაც სულ არსებული 3741 უბნის 20.21%-ს შეადგენს.
წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ხმათა 21.74%-ით მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რომელმაც უკვე მიულოცა მმართველი კოალიციის კანდიდატს არჩევნებში გამარჯვება.
შემდეგ მოდის „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე – 9.35%-ით; მეოთხე ადგილზეა ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი 2.61%-ით და მას მოყვება ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე 1.05%-ით. დანარჩენმა 18 კანდიდატმა 1%-ზე ნაკლები ხმები მიიღეს.
დათვლილ ხმებში ასევე შედის ორი უბნის შედეგები ავღანეთიდან, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ერთი კვირის წინ მისცეს ხმა.
ავღანეთში მიღებული ხმების მიხედვით, რომელიც ცესკომ დღეს დაითვალა, გიორგი მარგველაშვილმა ორივე უბნის შედეგებით საერთო ჯამში 104 ხმით მოუგო დავით ბაქრაძეს. მაშინ როცა ავღანეთში მდებარე ბაზა „ლაზერნიკზე“ გიორგი მარგველაშვილმა ბაქრაძეზე მეტი ხმები დააგროვა 415/278 შეფარდებით, ბაზა “ერედვზე“ გახსნილ უბანზე ბაქრაძემ 318 ხმით მოუგო მარგველაშვილს, რომელმაც ამ ბაზაზე მომსახურე 285 სამხედროს ხმა მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ არჩევნებზე 46.6% შეადგინა მაშინ, როცა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს ეს მაჩვენებელი 61.31%–ს შეადგენდა.
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ არჩევნების დღე „მშვიდი“ იყო და არჩევნები საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პროცედურული დარღვევების გარეშე წარიმართა. მნიშვნელოვან დარღვევებს შორის იყო ვადაგასული პირადობის მოწმობით, პირადობის მოწმობის ასლით ან პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა, ასევე პრობლემები ამომრჩეველთა სიებში ბათუმში, განაცხადა „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელსაც 1200 დამკვირვებელი ყავდა ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამ დრომდე 45 საჩივარი დაწერეს.
საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ, რომელიც 370 უბანზე აკვირდებოდა არჩევნებს, განაცხადა, რომ მისმა დამკვირვებლებმა „მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევების“ 70 შემთხვევა დააფიქსირეს და 34 საჩივარი დაწერეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)